ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოების ჩამონათვალი დაამტკიცა.
დანართი განსაზღვრავს ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველ სამუშაოებს და ამ მიზნით ადგენს ფაქტორებს, აგენტებს და აღწერს სამუშაო პროცესებს, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების, ასევე ნაყოფისა და ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
მათ შორის, დოკუმენტში განსაზღვრულია, სამუშაოები სადაც ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ დაიშვებიან. კერძოდ:
- ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ დაიშვებიან სამუშაოდ ზოგადი და ლოკალური ვიბრაციის და ულტრაბგერის ზემოქმედების პირობებში;
- ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ დაიშვებიან მძიმე და მიწისქვეშა სამუშაოებზე;
- ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ დაიშვებიან სიმაღლესთან დაკავშირებულ სამუშაოებზე;
- ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ უნდა მუშაობდნენ ინფრაწითელი გამოსხივების ზემოქმედების პირობებში. სამუშაო ზონაში გახურებული დანადგარების და მოწყობილობების ზედაპირის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 350C-ს;
- ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ დაიშვებიან ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დასველებასთან დაკავშირებულ და ორპირ ქარში მუშაობასთან;
- ორსული, ახალნამშობიარე და მეძუძურ ქალებს ეკრძალებათ მუშაობა ატმოსფერული წნევის მკვეთრი მერყეობის პირობებში (საფრენოსნო შემადგენლობა, ბორტგამცილებელი, ბაროკამერის პერსონალი და სხვ.);
- ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისათვის დაუშვებელია მუშაობა ბუნებრივი განათების არმქონე უსარკმელო და გაუნათებელ სათავსებში; ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ უნდა შედიოდნენ სათავსებში, სადაც ჟანგბადის შემცველობა 20%-ზე ნაკლებია.
- ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ დაიშვებიან სამუშაოზე, რომელიც პროფესიულად დაკავშირებულია ვიდეოდისპლეური ტერმინალების (პერსონალური კომპიუტერების გარდა) გამოყენებასთან და რადიოსიხშირის დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედებასთან;
- ორსული ქალები არ უნდა ასრულებდნენ საწარმოო ოპერაციებს, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო საგნების მხრის სარტყელზე მაღლა აწევასთან, საგნის იატაკიდან აწევასთან, ფეხებისა და მუცლის პრესის კუნთების უპირატეს სტატიკურ დაძაბვასთან, იძულებით სამუშაო პოზასთან (ჩაცუცქვა, მუხლებზე დგომა, მკერდითა და მუცლით დანადგარებსა და სამუშაო საგნებზე მიყრდნობა, მოხრილ მდგომარეობაში ყოფნა), სხეულის დახრასთან 150-ზე მეტად;
- ორსული ქალებისათვის გამორიცხული უნდა იყოს სამუშაოები ისეთ დანადგარებთან, რომელთა მართვისათვის გამოიყენება ფეხის სატერფული, კონვეიერზე მუშაობა იძულებითი რიტმით, მონოტონური სამუშოები და სამუშაოები თანმხლები ნერვულ-ემოციური დაძაბულობით;
- აკრძალულია ასვლა/ჩამოსვლა ვერტიკალურ კიბესა და ბოძზე ფეხმძიმობის დადგენის დღიდან;
- ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისათვის აკრძალულია ღამის სამუშაოების შესრულება, მუშაობა ცვლებში რეგულარული ცვლიანობის უკუროტაციის სისტემით (ღამის ცვლა, გვიანი ცვლა და ადრიანი ცვლა) ან ერთმანეთის მომდევნო ცვლებში მუშაობა.