საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და მსოფლიო ბანკი (World Bank) მზად არიან ქვეყნებს კორონავირუსის გადალახვაში დაეხმარონ. ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი განსაკუთრებულ აქცენტს ღარიბ ქვეყნებზე აკეთებენ, სადაც ჯანდაცვის სისტემა სათანადოდ განვითარებული არაა და კორონავირუსის ეპიდემიასთან საბრძოლველად საკმარისი რესურსი არ არსებობს.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო მასშტაბით და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ღარიბ ქვეყნებს, სადაც ჯანდაცვის სისტემები ყველაზე სუსტია, მოსახლეობა კი დაუცველი,“- ნათქვამია განცხადებაში.
ამასთანავე ორგანიზაციის წარმომადგენლები მსოფლიოს იმ ქვეყნებს, სადაც კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირებული არაა, მოუწოდებენ ვირუსის გავრცელების საშიშროება დასაწყისშივე აღკვეთონ და გავრცელების საშუალება არ მისცენ.
განცხადების მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი მზად არიან ქვეყნებს დაფინანსება საჭიროების შესაბამისად დროულად გამოუყონ, რათა კორონავირუსმა მთელი მსოფლიო არ მოიცვას.
აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით საშიში აფრიკის ქვეყნებია, სადაც სიღარიბისა და ჰიგიენური ნორმების სიმცირის გამო ადგილობრივი მოსახლეობა ეპიდემიის გავრცელებისგან ხშირად დაუცველია.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო დაწესებულებებთან და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ღარიბ ქვეყნებს, სადაც ჯანდაცვის სისტემები ყველაზე სუსტია, ხოლო მოსახლეობა კი – დაუცველი. ყველა ჩვენს ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, მათ შორის გადაუდებელ დაფინანსებას, პოლიტიკის საკითხებზე რჩევებს და ტექნიკურ დახმარებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 76 ქვეყანაში დაფიქსირდა. ვირუსს 3 119 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.