საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს.
კანონმდებლობის მიხედვით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ - პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მერებსა და სხვა თანამდებობის პირებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობენ და როგორია იმ მინისტრების ფინანსური მდგომარეობა, რომლებიც სამთავრობო ჯგუფში მეორედ მოვიდნენ.
დღეის მდგომარეობით, მთავრობის შემადგენლობაში გვყავს სამი მინისტრი, რომელიც თანამდებობის დატოვების შემდეგ, სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელად მეორედ დაინიშნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი
მათ შორის, არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადადგომის შემდეგ, მთავრობის შეცვლილ შემადგენლობაში როგორც თავდაცვის მინისტრი, ისე დაბრუნდა. სამთავრობო ცვლილებები 2019 წლის სექტემბერში განხორციელდა. მანამდე კი, 2019 წლის მარტში ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წლის 23 დეკემბერს დატოვა. მანვე პრემიერ-მინისტრის პოსტი 2013 წლის 20 ნოემბერს დაიკავა.
მთავრობაში დაბრუნებამდე ღარიბაშვილი შპს „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის პოზიციას იკავებდა, სადაც მისმა შემოსავალმა 2018 წლის განმავლობაში 169 926,87 ლარი შეადგინა.
უძრავ-მოძრავ ქონებას რაც შეეხება, 2019 წლის 13 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ღარიბაშვილი ფლობს 121,8 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, იმავე მისამართზე მდებარე 16 კვ. მეტრის ავტოფარეხს; დედაქალაქში მდებარე 170 კვ. მეტრისა და 159 კვ. მეტრის ბინებს, ასევე იმავე მისამართზე მდებარე ორ - 38 კვადრატული მეტრისა და 11 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს. მის საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომობილი, 2019 წელს გამოშვებული - აუდი A8, რომელიც განვადების ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წელს 75 620 ევროდ აქვს შეძენილი.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ღარიბაშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 44 357.53 ლარი; 169,31 დოლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 50 000 ლარი ჰქონდა.
თავდაცვის მინისტრს მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ფლობს 1 530 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურიანში, რომელიც 2019 წელს 76 500 დოლარად აქვს შეძენილი. მის საკუთრებაშია ასევე: მსუბუქი ავტომობილი, 2018 წელს გამოშვებული RANGE ROVER VELAR-ი, რომელიც გასულ წელს 46 000 ევროდ აქვს შეძენილი.
ვახტანგ გომელაური
ასევე 2019 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე მეორედ დაინიშნა ვახტანგ გომელაური. მანამდე ის ამ პოსტს 2015 წელს იკავებდა. როგორც 2019 წლის 19 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციაშია აღნიშნული, გომელაურის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში 12 207,16 ლარი; 7 185,31 დოლარი და 3 000 ევრო; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 32 500 ლარი ჰქონდა.
მისმა შემოსავალმა, სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე 2018 წლის განმავლობაში 100 569,6 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მის წლიურ გასავალს, სესხის მომსახურებაზე 12 864,16 დოლარის; ხოლო აგარაკის მოსაწყობად - 16 000 ლარის გასავალი ჰქონდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფლობს, 1 088 კვ.მეტრი ფართობის მიწას სოფელ გორანაში, რომელიც გასულ წელს ჩუქებით აქვს მიღებული, მის საკუთრებაშია ასევე - 650,6 კ. მეტრის აგარაკი ტაბახმელაში; 1 422 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი გორანაში და 2 001 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში.
აღსანიშნავია, რომ ჩინოვნიკის რანგში ვახტანგ გომელაურმა პირველი ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 20 მაისს შეავსო. იმ პერიოდში იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. იმ დეკლარაციის მიხედვით, ვახტანგ გომელაურის საკუთრებაში ვარკეთილში მდებარე, 64კვ. მეტრი ფართობის ბინა ფიქსირდება, ხოლო მისი მეუღლის საკუთრებაში იმავე მისამართზე არსებული 88 კვ. მეტრი ფართობის ბინა. მეუღლის სახელზე იყო ავტომობილი - Honda CRV. რაც შეეხება გომელაურის ფინანსურ ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების დროს ბანკში - 4 300 ლარი, 150 დოლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით 10 000 აშშ დოლარი და 7 000 ლარი ჰქონდა.
მიხეილ ჩხენკელი
2019 წლის ნოემბერში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. მანამდე ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობა ეკავა.
როგორც მის მიერ 2020 წლის 17 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მიხეილ ჩხენკელისა და მისი მეუღლის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ფიქსირდება.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 240 029 ლარი და 5 675 დოლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი - 1 800 ევრო, 3 000 ლარი და 1 500 დოლარი ჰქონდა. მისმა შემოსავალმა 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში - 7 933 ლარი, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტზე 49 828 ლარი შეადგინა.
ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ჩხენკელის მეუღლეს დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 2 282 ლარი ჰქონდა, ხოლო მისმა გასული წლის შემოსავალმა გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამის ასისტენტად მუშაობისას 60 282 ლარი შეადგინა.