ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, როდესაც ინფექციის გადატანა ხდება მოსახლიდან-მოსახლეზე, სიტუაცია რთულდება, თუმცა ეს არ იძლევა მოსახლეობისთვის პანიკის საფუძველს. მინისტრი მოქალაქეებს, რომლებსაც ინფიცირებულ პირებთან ურთიერთობა ჰქონდათ, მოუწოდებს, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან და დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროს ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზზე.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ როდესაც ინფექციის გადატანა ხდება უკვე ქვეყანაში, მოსახლიდან-მოსახლეზე, სიტუაცია რთულდება, თუმცა ესეც არ იძლევა მოსახლეობისთვის პანიკის საფუძველს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან მაღალი პასუხისმგებლობის მატარებლები და ისინი გაითვალისწინებენ ყველა იმ რეკომედაციას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო გამარტივდება ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის ინფექციის გადადების მართვა, ისევე, როგორც ჩვენი მოქალაქეები უფრო მეტად იქნებიან დაცულები“, - აღნიშნა მინისტრმა.