საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომელიც ახალი კორონაირუსის პრევენციის თვალსაზრისით თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან, კარგად დაიცვან შესაბამისი პირობები.
გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაავალა შს სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად კოორდინაციაში უზრუნველყოს წესების დაცვა იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით თვითიზოლაციაში არიან.
„ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო წააწყდა, ეს გახლავთ თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება ვირუსის მატარებლები იყვნენ, მათ გარკვეული ვალდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე და თვითიზოლაციის რეჟიმის შესაბამისი დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამიტომ, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან, კარგად დაიცვან ეს პირობები. ასევე, ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში უზრუნველყონ წესების ზუსტი და შესაბამისი აღსრულება იმ მოქალაქეების თვითიზოლაციის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის განსაზღვრული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.