ბუნებრივია, ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილება ზოგადად, როცა მიმდინარეობს მსჯელობა პრევენციაზე, საგანგებო მდგომარეობაც არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევს საპრევენციო ღონისძიებების გაძლიერების საშუალებას, - ასე პასუხობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვას, კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციებზე თუ განიხილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი. მისი თქმით, დღემდე ამის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა.
"ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კონსულტაციები მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრთან, ბუნებრივია, შემდგომი ზომების მიღება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ტენდენციები გლობალურად და ასევე ადგილობრივად. ამ კონსულტაციების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებები. სამი ინსტანციაა ჩართული ამ გადაწყვეტილების მიღებაში, ესენია: პირველ რიგში პრეზიდენტი და მთავრობა, რომლებიც წარადგენენ შესაბამის აქტს საქართველოს პარლამენტში, ამის შემდეგ უკვე მტკიცდება შესაბამისი აქტი კონსულტაციების საფუძველზე. ბუნებრივია, ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილება ზოგადად, როცა მიმდინარეობს მსჯელობა პრევენციაზე, საგანგებო მდგომარეობაც არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევს საპრევენციო ღონისძიებების გაძლიერების საშუალებას. ამაზე ბუნებრივია, ყოველდღიურ რეჟიმში არის სხვადასხვა ფორმით საუბარი, თუმცა, დღემდე არ ყოფილა ამის აუცილებლობა", - განაცხადა ირაკლი კიბახიძემ.
მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობა იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ რეკომენდაციები უკვე საკმარისი აღარ იქნება.
"ამ ეტაპამდე რეკომენდაციების დონეზე არის ერთგვარი შეზღუდვები დაწესებული, არის მოწოდება - „დარჩით სახლში“, ასევე კომპანიების მიმართ, სასტუმროების რესტორნების და მსგავსი ტიპის ორგანიზაციების მიმართ არის რეკომენდაციები თუ როგორ წარმართონ მათ საკუთარი საქმიანობა. თუ რეკომენდაციები უნდა გადაიზარდოს სავალდებულო მოწოდებაში, რომელსაც უპირისპირდება მაგალითად, სანქცია, ამ შემთხვევაში უკვე სავალდებულო წესით უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ასეთი შეზღუდვების დაწესება. რეკომენდაციებზე შორს თუ წავალთ, საჭირო იქნება უკვე საგანგებო მდგომარეობის დაწესება, რადგან ისე ვერავის დაავალდებულებ დარჩეს სახლში, ან დახუროს ან გააჩერის კომპანიის საქმიანობა, თუ არ არის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა,"- განაცხადა კობახიძემ.