მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენ თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ელექტროენერგიის საფასურს რაც შეეხება, დედაქალაქში 1 კვტ/სთ საფასური (დღგ-ს ჩათვლით), 101 კვტ/სთ–დან 301კვტ/სთ-ის ჩათვლით, არის - 18.5555 თეთრი. შესაბამისად, გამოდის, რომ უხეში დათვლებით შეღავათით ისარგებლებენ მოქალაქეები, რომლებიც თვის განმავლობაში ელექტროენერგიაზე მაქსიმუმ 37 ლარს იხდიან. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ამ შემთხვევაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდება "თბილისი ენერჯის" იმ აბონენტებს, რომლებიც თვის განმავლობაში მაქსიმუმ - 92 ლარს იხდიან.
რაც შეეხება რეგიონებს, "ენერგო-პრო-ჯორჯიას" აბონენტებს შეღავათი შეეხება იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში დენის გადასახადი მაქსიმუმ 36 ლარია. ხოლო "სოკარ-გაზის" აბონენტები შეღავათით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი აირის გადასახადი თვის განმავლობაში მაქსიმუმ 113-114 ლარს შეადგენს.