2020 წლის მარტის ბოლოს საქართველოში სასტუმროების დატვირთვის ყოველკვირეული მაჩვენებელი, 2019 წლის იმავე დროის მონაკვეთთან შედარებით, 86%-ით შემცირდა, - ამის შესახებ აღნიშნულია უძრავი ქონების ბაზრის საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის ანგარიშში.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, COVID-19-მა განსაკუთრებული ზარალი მიაყენა სასტუმროების სექტორს. STR-ის (მოგზაურთა კვლევის ორგანიზაცია) მონაცემებით, EMEA-ს (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკის ქვეყნები) რეგიონში, ამ დროისთვის 41,000-ზე მეტმა სასტუმრომ შეწყვიტა მუშაობა. აქედან, 40,000-მდე სასტუმრო დაიკეტა ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. სასტუმროს დატვირთვის მაჩვენებელმა თებერვლიდან იწყო კლება. STR-ის მიხედვით, 2020 წლის მარტის ბოლოს აზიაში, წყნარ ოკეანეთსა და ევროპის სასტუმროებში გაყიდული ოთახების რაოდენობა, 2019 წელს იმავე პერიოდში გაყიდული ოთახების რაოდენობის, 32.4%, 37.7% და 22%-ს შეადგენდა.
„საქართველოში, მარტის ბოლოს, სასტუმროების დატვირთვის ყოველკვირეული მაჩვენებელი, 2019 წლის იმავე დროის მონაკვეთთან შედარებით, 86%-ით შემცირდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
Cushman & Wakefield-ის ანგარიშის მიხედვით, სასტუმროების ერთი ოთახიდან მიღებულმა შემოსავალმა (RevPAR), ანალოგიურად, ევროპის სასტუმროებშიც დაიკლო. 16 მარტიდან მოყოლებული, ევროპის ქვეყნებში ყოველწლიურმა RevPAR-მა 87.68%-ით იკლო. თბილისის სასტუმროებში კი ერთი ოთახის შემოსავლის მაჩვენებელი 88%-ით შემცირდა.
„მსოფლიო ჯერ კიდევ პანდემიასთან გამკლავების პროცესშია. შესაბამისად, ევროპის ქვეყნებში სასტუმროების სექტორის მომავალი ბუნდოვანია. თუმცა ჩინეთის მაგალითი გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ საერთო სურათი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ვირუსის დამარცხების შემდგომ პერიოდში. ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების რაოდენობის კლებასთან ერთდ ჩინეთის სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელმა იმატა. სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელი ადგილობრივი მოთხოვნის საფუძველზე გაიზარდა, რაც სრულებით მოსალოდნელი იყო.
სანამ მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების საზღვრები ჩაკეტილია, ადგილობრივი მოთხოვნის ხარჯზე უნდა ველოდოთ სასტუმრო სექტორის ნაწილობრივ ამოქმედებას“, - აცხადებენ Cushman & Wakefield-ში.