„3-4-თვიანი გაჩერება ნიშნავს, რომ 2 წელი მოვუნდებით პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას“, -ამის შესახებ „შუხმან ვაინის’’ გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აკრძალვები აუცილებელია, თუმცა გარკვეული წარმოებების სრულად გაჩერება, საქართველოს ეკონომიკისთვის მიზანშეწონილი არ არის.
ცნობისთვის, „შუხმან ვაინი“ ღვინის წარმოებას შეზრუდული სიმძლავრეებით, თუმცა მაინც აგრძელებს. კომპანია საექსპორტო გეგმასაც წარმატებით ასრულებს.
რაც შეეხება სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებას, „შუხმან ვაინმა“ მთლიანად გააჩერა.
„მე ვფიქრობ, სასტუმრო და სარესტორნო მიმართულების შეზრუდვა გასახანგრძლივებელია, რადგან სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოსახლეობაზე. ჯერჯერობით, საზღვრების გახსნაზე, ძალიან ადრეა საუბარი. ჩვენ ვართ ტურიზმზე მიბმული ეკონომიკა, ძირითადად, სარესტორნო და სასტუმრო მიმართულება, ამიტომ აქ ცალსახად საჭიროა შეზღუდვები. თუმცა, სხვადასხვა დარგები უნდა გადაიხედოს, რათა ეკონომიკა მნიშვნელოვნად არ შეფერხდეს. დეტალურად არის შესამოწმებელი, როგორ ხდება ამა თუ იმ პირობის დაცვა წარმოების დროს. იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ შემთხვევები, გარკვეული მომსახურებებით გამოწვეული კლასტერები, იგივე, ეროვნული ბანკის შემთხვევა და ა.შ. ამიტომ, პირველი არის თანამშრომლების უსაფრთხოება.
ჩვენ გვიწევს პანდემიასთან და ეკონომიკის გამოწვევებთან ერთობლივი ბრძოლა, ამიტომ ძალიან სწორად უნდა შეფასდეს, რომელი ბიზნეს საქმიანობების დაშვება შეიძლება. მე მაინც, ვფიქრობ, რომ წარმოებების სრულად გაჩერება საქართველოს მსგავსი ეკონომიკისთვის მიზანშეწონილი არ არის. იმიტომ, რომ კომპანიისთვის 3-4 თვიანი გაჩერება ნიშნავს, რომ 2 წელი მოვუნდებით პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას“,- ამბობს ნუცა აბრამიშვილი.