„ამ დრომდე არ მიგვიღია ნებართვა კონსულტანტების ტრანსპორტირებასა და ინტერნეტ გაყიდვებზე“ - „ზოომარტი“ ფილიალებს დროებით ხურავს

„ზოომარტი“ ფილიალების დახურვას გეგმავს. ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, მათი ცნობით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიას ამ დრომდე არ მიუღია ნებართვა კონსულტანტების კერძო მიკროავტობუსით ტრანსპორტირებასა და ინტერნეტ გაყიდვებზე. შესაბამისად, თუ რამე არ შეიცვალა, კომპანია 26 აპრილიდან ფილიალების დახურვას აპირებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ „ზოომარტის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გატყობინებთ, რომ კვირას, 26 აპრილიდან ჩვენი კომპანიის 12-ვე ფილიალი დიდი ალბათობით გაურკვეველი ვადით დაიკეტება თუ მიმდინარე ვითარება არ შეიცვლება (რაზეც ქვემოთ, დეტალურად):

მე-7 დღეა ჩვენს კონსულტანტებს ყოველდღიურად უწევთ ფეხით 10 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა (აქამდე თითეული მათგანის ტრანსპორტირებას ვახდენდით ტაქსებით), რათა ვუზრუნველყოთ ფილიალების ფუნქციონირება. ამ დრომდე შესაბამისი უწყებებიდან არ მიგვიღია ნებართვა, რომ მოვახდინოთ მათი უსაფრთხო, კერძო მიკროავტობუსით ტრანსპორტირება ფილიალებამდე და სამუშაო დღის ბოლოს უკანა გზაზე, სახლებში.

სამწუხაროდ, ანალოგიური სიტუაციაა ინტერნეტ გაყიდვებთან დაკავშირებით. არ გვეძლება საშვი, რომ განვახორციელოთ შეკვეთების საკურიერო მომსახურება.

გვესმის, რომ ქვეყანაში შექმნილია რთული ვითარება, სახელმწიფო დგას უამრავი გამოწვევების წინაშე და ჩვენი პრობლემები შესაძლოა, არც თუ ისე პრიორიტეტულია. თუმცა, დამატებითი ბარიერების ფონზე ჩვენთვის ასეთ რეჟიმში შეუძლებელი ხდება ფუნქციონირება და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობას ვერ დავაყენებთ საფრთხის ქვეშ. წვიმიან ამინდში ფეხით გადაადგილების გამო რამდენიმე მათგანს უკვე აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და დღეიდანვე შესაძლოა, რამდენიმე ფილიალი ვერ გაიხსნას.

იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში შესაბამისი სამთავრობო უწყებები: თბილისის მერია / Tbilisi City Hall, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეძლებენ და მოგვაქცევენ ყურადღებას, რომ ახლო მომავალში კვლავ შევძლოთ თქვენი მომსახურება.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!

p.s რომ არ გახდეს დამატებითი პოლემიკის და დეზინფორმაციის საგანი. კომპანიას არ აქვს არანაირი ფინანსური პრობლემა, არ მომხდარა კადრების ან ხელფასების შემცირება. სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა გადასახადი გადახდილია სრულად და დროულად,“-აღნიშნულია განცხადებაში.

თაია არდოტელი
როგორ უნდა მოიქცეთ და გადაადგილდეთ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში - რა საბუთია საჭირო
როგორ უნდა იმოძრაონ დისტრიბუციისა და მიტანის სერვისის ავტომობილებმა - რა საბუთია საჭირო
კარანტინმა ყავაზე მოთხოვნა გაზარდა, თავიდან კონკრეტულ სახეობებზე 2-კვირიანი დეფიციტიც შეიქმნა -  რა შეცვალა პანდემიამ ყავის საწარმოებისთვის