„ყოველდღიურად საქართველო 100 მილიონი ლარით ღარიბდება“

„4 მილიარდი ლარი უკვე დაკარგა ქართულმა ეკონომიკამ და ყოველდღიურად საქართველო 100 მილიონი ლარით ღარიბდება“. ამის შესახებ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ამასთან, ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს, რომ „დროულად წარმოადგინონ საჯაროდ დოკუმენტი, სადაც წერია თუ რა სტრატეგიით აპირებენ მასობრივი ტესტირების დაწყებას“ და განხორციელებას ქვეყანაში.

„ბოლო დღეებში გაკეთებულმა განცხადებებმა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ნათლად აჩვენა, რომ, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად წელავს მასობრივი საყოველთაო ტესტირების დაწყებას ქვეყანაში, რისი მსხვერპლიც მაგალითად, თეთრიწყაროს ექიმები არიან. ყველა ახალი შემთხვევა არის გამოვლენილი იმიტომ, რომ დროულად არ ტარდება ტესტი. არათუ მასობრივად ხელმისაწვდომია მთლიანად საზოგადოებისთვის, არამედ ადამიანებს, ვისაც სჭირდება დიაგნოსტიკა და ტესტირება, მათაც კი არ უტარდებათ დროულად. მივმართავ მთავრობას: სასწრაფოდ წარმოადგინეთ საჯაროდ დოკუმენტი, რომელშიც წავიკითხავთ - რა სტრატეგიით აპირებთ მასობრივი ტესტირების დაწყებას და განხორციელებას ქვეყანაში. სწორედ თქვენი დანაშაულებრივი ქმედების გამო ჩვენ უკვე ორი თვეა ქვეყანაში ტესტებს ველოდებით, ვრცელდება ვირუსი და რაც ყველაზე საგანგაშოა, 4 მილიარდი ლარი უკვე დაკარგა ქართულმა ეკონომიკამ. ყოველდღიურად საქართველო ღარიბდება 100 მილიონი ლარით. დღეს ასევე გავიგეთ ინფორმაცია, რომ დახმარებებიც კი, როგოც ჩანს მაისის ბოლოდან დაიწყება, ასე განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა“, - აღნიშნა ვაშაძემ და დასძინა, რომ ერთი მხრივ, სერიოზული პრობლემაა ჯანმრთელობის კუთხით და მეორე მხრივ, მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვაა.

ვაშაძის შეფასებით, მიზანი ერთადერთია, ხელისუფლების შენარჩუნება და პროცესის გაწელვა არჩევნებამდე.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველი - ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს მასობრივი ტესტირება. მეორე - მიზნობრივი დახმარება უნდა დაიწყოს სწრაფად, დღესვე, ხვალვე და არა ერთი თვის შემდეგ და მესამე- დროულად უნდა მოიქოქოს ეკონომიკა“, - განაცხადა ვაშაძემ.

თაია არდოტელი
EBRD და საქართველოს ეროვნული ბანკი COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებულ კომპანიებს დაეხმარებიან
სასტუმროები „შვედური მაგიდის“ გარეშე - რა ახალი წესები ამოქმედდება თურქეთის საკურორტო ზონებში
ტაქსის მძღოლებისთვის საქმიანობისას ავტომობილში პირბადის ტარება სავალდებულოა