ცხვრის სეზონურ საძოვრებზე გადაადგილებასთან დაკავშირებით, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტები 1-ლი მაისიდან ამოქმედდება.
ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, ფერმერებს საშუალება აქვთ, შეუფერხებლად ისარგებლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტების მომსახურებით. სააგენტოს ვეტერინარები ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით უზრუნველყოფენ პირუტყვის დამუშავებას ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ, რაც ცხოველების დაავადებების პრევენციას და შემცირებას უწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში.
სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მეცხვარეთა ასოციაციასთან.
ქვეყნის მასშტაბით, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში (დედოფლისწყარო, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი), ცხოველთა გადასარეკი ტრასების საკვანძო ადგილებში უახლესი სტანდარტების 6 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი. ცხოველთა დამუშავებისას გამოიყენება მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერმერებს უსასყიდლოდ ემსახურებიან.