სასტუმროების გახსნის სავარაუდო თარიღი ცნობილია. მთავრობის მიერ დაანონსებული, შეზღუდვების შერბილების ფარგლებში, ეს მეექვსე ეტაპზე, ანუ 6 ივლისიდან მოხდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის დასრულების ვადები ჯერ კიდევ უცნობია, სასტუმროებს მუშაობა გარკვეული გამკაცრებული წესების დაცვით მოუწევს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ იმ სავარაუდო გაიდლაინებს ასახელებს, რომელზეც მთავრობა კერძო სექტორთან ერთად მუშაობს.
საუბარია ისეთ შეზღუდვებზე, როგორიცაა: სუზმისა და ე.წ შვედური მაგიდის აკრძალვა, დისტანცირება, ასევე, შენობაში პირბადის, ხელთათმანებისა, თუ სადეზინფექციო საშულებების გამოყენება და ა.შ.
„ჩვენ, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ამ საკითხზე ჩართვა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან. მათ დაგვიდასტურეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო ტურიზმის ეროვნულ ორგანიზაციასთან ერთად, რათა მოხდეს რეკომენდაციების გათვალისწინება.
ვფიქრობ, ზუსტად დროულია ამ გაიდლაინების შემუშავება, რადგან მსოფლიოს სხვა ქვეყნებში უკვე დაიწყო სანიტარული კორიდორისა და გეგმის, ასევე საზღვრების გახსნის სტრატეგიის დაანონსება. ამიტომ, ჩვენ ამ პროცესს არ უნდა ჩამოვრჩეთ, თუ გვაქვს ამბიცია, რომ მოგზაურობისთვის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა ვართ. ამასთანავე, ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რა გაიდლაინებთან გვექნება საქმე, რადგან ეს წესები საკმაოდ დიდი ცვლილებებთან და ბევრ ხარჯთანაც არის დაკავშირებული.
რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, ყველა ვთანხმდებით, რომ ძირითადი აქცენტი გაკეთდება უსაფრთხოებასა და სანიტარულ გაიდლაინებზე, რათა მაქსიმალურად ლიმიტირებული იყოს ვირუსის გავრცელების შესაძლებლობები. აქ იგულისხმება სოციალური დისტანცირება, ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ საუზმე და ე.წ შვედური მაგიდა აღარ იქნება. თუმცა, მე პირადად არ ვეთანხმები, რომ ნომრების დატვირთვა ოთახების გამოტოვებით მოხდეს (რაც თურქეთმა გააკეთა), იმიტომ, რომ ოთახებს შორის ისედაც საკმაოდ დიდი მანძილია და ფაქტობრივად, ყველა მათგანი იზოლირებულია. შესაბამისად, ეჭვი მეპარება, ჩვენთანაც შემოიღონ.
სავარაუდოდ, უნდა იყოს კონკრეტული ცვლილებები რეგისტრაციის დესკთან თანამშრომლებთან ურთიერთობისასაც. იმიტომ, რომ ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, ამის გაკეთება ონლაინ, დისტანციურ რეჟიმშიც შესაძლებელია.
რესტორნებიში კი, ალბათ, მაგიდებს შორის დაშორებები გაიზრდება.
გარდა ამისა, პირველ ეტაპზე სავარაუდოდ, პირბადის, ხელთათმანებისა და სადეზინფექტიო საშუალებების გამოყენების აუცილებლობაც იქნება“,-ამბობს მაია სიდამონიძე.
კითხვაზე, აღნიშნული ცვლილებები გაძვირებს თუ არა სასტუმროს მომსახურებას, მაია სიდამონიძე ამბობს, რომ ეს მოსალოდნელია.
„ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება ხარჯების ზრდასთან, რაც სავარაუდოდ, მომსახურებასაც გააძვირებს. თუმცა, მეორე მხრივ, ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რა რეალობაში გვიწევს გახსნა და რომ ადამიანების მსყიდველუნარიანობა შემცირებულია. შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა იქნება ფასები. გაზრდილი ღირებულების პირობებში კი, ეჭვი მეპარება, რომ მომხმარებელი გვყავდეს.
მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდანაც უნდა იყოს ხელშეწყობა, რომ კერძო სექტორს შესაბამისი პირობები ჰქონდეს“,-ამბობს მაია სიდამონიძე.