„ამ ეტაპზე თანამშრომლების მხოლოდ 20% მუშაობს. სამწუხაროდ, დანარჩენის უხელფასო შვებულებაში გაშვება მოგვიწია“, - ამის შესახებ კომპანია „იმერის“ დირექტორმა მაია სიმონიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. საუბარია, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის სამკერვალოზე, რომელიც ქუთაისში მდებარეობს და 500-მდე ადამიანს ასაქმებს.
როგორც მაია სიმონიძე ამბობს, კორონავირუსის გამო, საექსპორტო შეკვეთებზე მუშაობა შეჩერებულია და ამ ეტაპზე, საწარმო მხოლოდ პირბადეებს კერავს.
მისივე თქმით, კომპანიამ უკვე მიმართა ხელისუფლებას, რომ 11 მაისიდან სრული დატვირთვის უფლება მიეცეს.
ცნობისთვის, „იმერის“ პროდუქციის 95%-ის ექსპორტზე ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გადის. დარჩენილი 5%-ის რეალიზება კი ადგილობრივ ბაზარზე ხდება. სამკერვალო კომპანია „იმერი“ 1997 წლიდან თანამშრომლობს გერმანულ კომპანია "ლებეკთან", რომელიც დღემდე მისი ერთ-ერთ უმსხვილესი და უმთავრეს პარტნიორია.
„ჩვენი საწრმო მუშაობს ნაწილობრივ. ვკერავთ მხოლოდ პირბადეებს. ძირითადი წინააღმდეგობა, რაც კორონავირუსის პირობებში შეგვექმნა არის ის, რომ საქალაქო ტრანსპორტი არ მუშაობს, შესაბამისად, თანამშრომლების გადაყვანა ავტომობილებით გვიწევს.
ამ ეტაპზე, მათი მხოლოდ 20% მუშაობს. სამწუხაროდ, დანარჩენი ნაწილის დროებით უხელფასო შვებულებაში გაშვება მოგვიწია. იმიტომ, რომ როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რა თქმა უნდა, საქმიანობა შევწყვიტეთ, შემდეგ კი, მხოლოდ პირბადეების კერვის ნებართვა მივიღეთ.
ახლა უკვე მივმართეთ ხელისუფლებას, რომ 11 მაისიდან არა მხოლოდ პირბადეებზე, არამედ არსებულ შეკვეთებზე მუშაობის გაგრძელების უფლებაც მივიღოთ“,-ამბობს მაია სიმონიძე.
მისი თქმით, იმ ფაქტს, რომ მიღებულ შეკვეთებზე სამკერვალო დროებით ვერ მუშაობს, პარტნიორები, მათ შორის გერმანიაში, გაგებით ეკიდებიან, რადგან ყველა ქვეყანაში მსგავსი ვითარებაა.
რაც შეეხება ზარალს, „იმერის“ დირექტორი ამბობს, რომ საწარმოს თუნდაც ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობამ, ზიანი შეამსუბუქა.
„ექსპორტის მიმართულებთ არფერი შეცვლილა, მთავარია, რომ სრული დატვირთვით მუშაობის გაგრძელება შევძლოთ. ტრანსპორტირება არანაირი პრობლემა არ იქნება.
მართალია, ამ პერიოდის განმავლობაში შეკვეთებს ვერ ვამზადებდით, მაგრამ ჩვენმა ყველა დამკვეთმა, ძალიან კარგად იცის, რომ გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და გაგებით შევხდნენ. ახლა ელოდებიან მუშაობის განახლებას.
რაც შეეხება ზარალს, იქიდან გამომდინარე, რომ საწარმო გათვლილია 400- 500 ადამიანზე, რა თქმა უნდა, ნაწილობრივი მუშაობა ვერ იქნება მომგებიანი. თუმცა, არაუშავს, ამ ყველაფერს ავინაზღაურებთ. როგორც კი, დაკვეთებს განვაახლებთ, ყველაფერი გამოსწორდება. ამ ერთი თვის განმავლობაში, ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობის შედეგად, იმხელა ზარალი არ გვქონია, რომ დიდი დარტყმა მიგვეღო. ასე ვთქვათ, ფორმა მაინც შევინარჩუნეთ“,-ამბობს მაია სიმონიძე.