თელავში სოფელ შალაურში სასტუმრო „ქვევრები“ მშენებლობა დაიწყო. სასტუმრო, რომლის ნომრებიც ქვევრის ფორმის იქნება, სტუმრებს წლის ბოლოს მიიღებს. როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი გიორგი კლდიაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სასტუმროს ოპერატორი თავად “ქვევრები“ იქნება.
სასტუმროს კოპლექსში განთავსებული იქნება 15-ნომრიანი მთავარი შენობა და 20 ქვევრის ფორმის კოტეჯი. თითოეულ ქვევრს ქართული ღვინის სახელწოდება ექნება. გარდა ამისა, სასტუმროს ტერიტორიაზე მოეწყობა - აუზები, რესტორანი, ბარი და ასევე საბავშვო კუთხე.
როგორც გიორგი კლდიაშვილი აცხადებს, მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება.
მისივე თქმით, ამ პროექტის მთელი არსი ისაა, რომ სასტუმროს ასოცირება ქართული ღვინის თემატიკაზე მოხდეს: „როდესაც ტურისტი საქართველოში ჩამოვა, გაეცნობა ღვინის ტრადიციებს. თითოეულ ქვევრს ქართული ღვინის დასახელება ექნება, შესაბამისად, სტუმრები ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და ღვინის დამზადების წესებს გაეცნობა“, - ამბობს კლდიაშვილი.
სასტუმრო 3 ჰექტარ ფართობზე შენდება. მისი ყველა ნომრიდან, მათ შორის, ქვევრებიდან კავკასიონის ხედი იშლება. სასტუმროს ერთდროულად 60-70 სტუმრის მიღება შეეძლება. სასტუმროში 20 ადამიანის დასაქმება მოხდება.
„წლის ბოლოს სასტუმრო მზად იქნება პირველი სტუმრის მისაღებად“, - ამბობს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გიორგი კლდიაშვილი.
სასტუმროს მშენებლობაში 3 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო. აქედან 2 მლნ ლარი არის საბანკო სესხი, რომლის სესხის პროცენტი უზრუნველყოფილია „უმანსპინძლე საქართველოში“ პროგრამით სსიპ აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით. ერთი მლნ ლარის კი კომპანიის თანამონაწილეობაა.