კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ფარგლებში, ორშაბათიდან, რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება. კერძოდ:
18 მაისიდან მარნეულში საკარანტინე ზონა მოიხსნება
18 მაისიდან მარნეულში საკარანტინე ზონა მოიხსნება. შესაბამისად, ამ რეგიონის მოქალაქეებსაც შეეძლებათ პრობლემების გარეშე ისარგებლონ გადაადგილების შესაძლებლობით, რომლითაც ქვეყნის სხვა მოქალაქეები სარგებლობენ.
შეგახსენებთ, მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინე ზონად 23 მარტს გამოცხადდა.
18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება
ორშაბათიდან, 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება. სილამაზის სალონების ფედერაციის განცხადებით, „ყველა სალონს შეუძლია 18 მაისიდან გაიხსნას (გარდა მოლების და მიწისქვეშა გადასასვლელების) ყოველგვარი წინასწარი ნებართვის გარეშე. წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულო არ არის.
ორშაბათიდან, 3 ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვა მოიხსნება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა - 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ. ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.
18 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები აღდგება
18 მაისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ეტაპობრივად აღდგება გარკვეული სერვისების მიწოდება. პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. შესაბამისად, იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ასევე, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.