„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშულით ის covid19-თან დაკავშირებით მიღებულ რეგულაციებს გამოეხმაურა, რომელიც შრომის ინსპექციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ერთობლივად შემუშავდა.
როგორც კოტე გაბრიჩიძე აღნიშნავს, მართალია, დეზინფექციის ნაწილში არსებული რეკომენდაციები რესტორნებისთვის უცხო არ არის. თუმცა, დისტანცირება ავტომატურად ნაკლებ მომხმარებელს ნიშნავს, ეს კი, ბიზნესზე ნეგატიურად აისახება.
რაც შეეხება ფასებს, კოტე გაბრიჩიძის თქმით, სავარაუდოდ, ობიექტების დიდი ნაწილი ამ გზით არ წავა. შებასაბამისად, ამ ეტაპზე ბიზნესი მხოლოდ თვითგადარჩენისთვის იმუშავებს.
ცნობისთვის, კვების ობიექტებისთვისთვის შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვთ, მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 6 ადამიანისა, მომხმარებლებს შორის დისტანცია კი მინიმუმ 1 მეტრს უნდა შეადგენდეს. გარდა ამისა, ობიექტებმა მომხმარებლებისა და თანამშრომლების ყოველდღიური თერმოსკრინინგი უნდა უზრუნველყონ.
ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება ინდივიდუალურად უნდა მოხდეს; მენიუ კი ერთჯერადი ან ელექტრონული უნდა იყოს.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2-მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;
საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე: “სისუფთავის ნაწილში განსაკუთრებით რთულად შესარულებელი რეკომენდაციები ნამდვილად არ არის. რესტორნები ამას ისედაც ასრულებდნენ, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე. სირთულეს წარმოადგენს მაგალითად, მაგიდებს, ასევე სკამებს შორის დისტანცია, ყველა მომხმარებლის თერმოსკრინინგი და ა.შ. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ რესტორნებს უფრო ნაკლები მომხმარებლის მიღება შეეძლებათ.
რაც შეეხება, ფასების მატებას, ზოგადად, ყველაფერი გაძვირებულია, პროდუქტს ვგულისხმობ, ჩვენ მომსახურებაც ასეთივე ნაბიჯებით რომ გავაძვიროთ, წინ როგორც წავალთ, არ ვიცი, რადგან მომხმარებლები ისედაც ძალიან შემცირებულია. წარმოიდგინეთ, 9 მლნ ტურისტი ჩამოდიოდა და ახლა, სავარაუდოდ, ყველაზე კარგ ვარიანტში ამის 20% თუ ჩამოვა. ადგილობრივი მომხმარებელიც ახლა ჯიბეშეთხელებულია. პირობითად, ყავა ესპრესო თუ ღირს 3 ლარი და გახდი 6 ლარს, არავინ გადაიხდის. შესაბამისად, არა მგონია, რომ რესტორნები ამ გზით წავიდნენ. უბრალოდ, ეს პერიოდი ძალიან მძიმე იქნება და რაღაცნაირად უნდა გადავაგოროთ. რაც მთავარია ეს რეგულაციები არ არის მუდმივი და დროებით უნდა გავიჭირვოთ“,-ამბობს კოტე გაბრიჩიძე.
კითხვაზე, გაუძლებენ თუ არა რეგულაციებს შედარებით მცირე ზომის ობიექტები, კოტე გაბრიჩიძე ამბობს, რომ ამ მხრივ პროგნოზი პესიმისტურია.
„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს. უამრავი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, იმიტომ, რომ ობიექტის დახურვა ნიშნავს, სამუშაო ადგილების დაკარგვასაც. თუმცა, 2 თვე საერთოდ შემოსავლის გარეშე იყო ბიზნესი და ეს ყველაზე ცუდი პერიოდი გადავიარეთ. ახლა შევდივათ იმ ფაზაში, როდესაც წინა 2 თვესთან შედარებით უკეთესობა გვექნება. თუმცა როგორ მოხდება ჩვეულ რეჟიმში ჩადგომა, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის“,-ამბობს კოტე გაბრიჩიძე.