ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გაშენებული დენდროლოგური პარკი მნახველებისთვის მალე გაიხსნება.
პარკი სტუმრებს 15 ივლისიდან უმასპინძლებს. ფოტოგრაფმა ბადრი ვადაჭკორიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პარკში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, მათზე ის იშვიათი ჯიშის ცხოველები და ფრინველებია ასახული, რომლებიც პარკში ბინადრობენ - ხალებიანი ირმები, ფლამინგოები, ლემურები და ა.შ
"სად ნახავ მსგავს სილამაზეს თუ არა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, სადაც მეგობრებთან ერთად გუშინ 31 მაისს გახლდით...15 ივლისიდან კი ნებისმიერ მსურველს შეგეძლებათ ესტუმროთ და დაათვალიეროთ ეს მართლაც უნიკალური, დასასვენებელი და ჰორიზონტ გასაფართოებელი პარკი... რაც მთავარია შესვლა სრულიად უფასო იქნება!!!" - წერს ვადაჭკორია.
ცნობილი ფოტოგრაფის ობიექტივში ის ხეებიც მოხვდა, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი წლებია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დენდროლოგიურ პარკში ეზიდება.
"ეს კი ის ხეები გახლავთ, რომელთა ნაწილის არსებობაც არავის გაუგია იმათ გარდა, ვინც შიშით შეჰყურებდა გიგანტურ ხეს თავის ეზოში და ლოცულობდა "არ მოსტყდეს და არ დაგვეცეს თავშიო". ამასობაში ამ გიგანტური ხით დაინტერესდა ერთი უცნაური პიროვნება და უზარმაზარი თანხაც გადაუხადა მუდამ შეშინებულ ხის მეპატრონეს.
ეს ისე ისტორიისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ, უმადურ ხალხს გვენახა გიგანტური ხეების სიდიადე და აღგვექვა თუ რა მცირეები ვართ ბუნებასთან შედარებით, მე თვითონ ძალიან მიყვარს სიდიადე ამ გიგანტების და ამიტომაც რამდენიმე წლის წინ ამერიკაში ვიმოგზაურე სწორედ საქვოიების სანახვად და გადასაღებად..." - წერს ბადრი ვადაჭკორია ფოტოების კომენტარში.