მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია სხვადასხვა სექტორზე, მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა გაიზარდა.
თუმცა მოთხოვნის გაზრდის პარალელურად, ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს.
მიწის ნაკვეთებს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში სხვადასხვა ფასად ნახავთ. კვადრატული მეტრის ფასი მისი მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება. ღირებულებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ რამდენად ახლოა იგი ცენტრალურ გზასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, რამდენად განვითარებულია ირგვლივ ინფრასტრუქტურა და რამდენად უზრუნველყოფილია კომუნიკაციები - ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი და ა.შ.
უძრავი ქონების პორტალ ss.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, თბილისსა და თბილისთან მდებარე ტერიტორიებზე მიწის ნაკვეთის ფასი ასე გამოიყურება:
(აღებულია მინიმალური ფასი)
თბილისი - 10 დოლარიდან
საგურამო - 6 დოლარიდან
კოჯორი - 12 დოლარიდან
წყნეთი - 100 დოლარიდან იწყება
ტაბახმელა - 18 დოლარიდან
წავკისი - 25 დოლარიდან
მიწის ნაკვეთების მიმართ რომ ინტერესი იზრდება, ამაზე ss.ge-ს კიდევ ერთი მონაცემები მიუთითებს. როგორ ss.ge-ს სტატისტიკიდან ირკვევა, 2020 წლის მარტში თბილისსა და თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთის გაყიდვის მიზნით 37 ახალი განცხადება განთავსდა, აპრილსა და მაისში ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, კერძოდ, აპრილში 287 ახალი განცხადება დაიდო, მაისში კი - 706.
რაც შეეხება იმ ვიზიტორების რაოდენობას, რომლებიც თბილისსა და შემოგარეში მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვით არიან დაინტერესებულები, მარტში საიტზე 18 126, აპრილში - 22 051 და მაისში - 25 994 დაფიქსირდა.
როგორც კომპანია modern real estate-ის დამფუძნებელი და დირექტორი, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრი ნატა მოდებაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა პანდემიის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„უძრავი ქონების ასოციაციაში, წამყვან კომპანიებთან და ოფიციალურად რეალტორებთან, ადამიანებთან, რომლებიც ამ ბიზნესით ყოველდღიურად არიან დაკავებულები, ჩავატარეთ კვლევა სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება მიწის ნაკვეთები იყო. ამიტომ ეს მონაცემები ასოციაციის წევრი კომპანიის შედეგებზეა დაყდნობილი.
უნდა აღინიშნოს, რომ მიწის ნაკვეთი სხვა სფეროა და ბინების გაყიდვისგან და გაქირავებისგან განსხვავდება. მიწა ძალიან სპეციფიკურია, ეს არაა 3-ოთახიანი ბინა, რომელსაც ტიპიურად შეაფასებ. ყველა მიწას ღრმა შესწავლა და კვლევა სჭირდება, ამიტომ მიწის შეძენა რაღაც ფუნქციით არის აუცილებელი.
ზოგადად მიწის ნაკვეთები დაყოფილია სხვადასხვა სეგმენტებად. ქალაქში, რომელიც კომერციული დანიშულებისთვის გამოდგება, ასევე თბილისის გარშემო სააგარაკე, გარდა ამისა არის სასოფლო-სამეურნეო მიწები, რომელიც ასევე თავის მხრივ სხვადასხვა სეგმენტებად იყოფიან.
დღეს მიწაზე მოთხოვნა გაზრდილია, ამ მიმართულებით ბაზარი ძალიან აქტიურია. ადრე თუ მაგალითად, კვირაში 10 ადამიანი რეკავდა, დღეს 100 რეკავს. შესაბამისად, მიწები ძალიან მოთხოვნადი გახდა, თუმცა ფასებში ცვლილება არ შეინიშნება.“ - განაცხადა მოდებაძემ.
მისი თქმით, მოთხოვნა გაზრდილია თბილისთან ახლოს სააგარაკე მიწებზე, ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი ქალაქში სამშენებლო მიწებია, რადგან დეველოპერებმა ჯერ არ იციან მოვლენები როგორ განვითარდება.
„ მოთხოვნა ასევე გაზრდილია სასოფლო-სამეუნეო მიწებზე, კახეთისკენ, ასევე დასალეთითაც. რამდენად აქტიურად იყიდება, ამას ვერ გეტყვით, თუმცა დაინტერესება ნამდვილად არსებობს. მოთხოვნის გაზრდაზე სწორედ პანდემიამ იმოქმედა. ადამიანებს სურვილი გაუჩნდათ, რომ სოფლის მეურნეობით დაკავდნენ და მიწასთან ურთიერთობა უფრო დააფასეს. ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაზე დიდებული მიწა გვაქვს და უნდა გავუფრთხილდეთ.
უძრავი ქონების ბაზარი ისეთი სეგმენტია, რომ თუ ქვეყანაში კრიზისია, შედეგები მაშინვე არ იგრძნობა. კრიზისის შემდგომი შედეგები ცოტა შემდეგ ვლინდება. ეს ეხება არამარტო მიწას, არამედ მთლიან უძრავ ქონების სეგმენტს.
საერთოდ უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ მოიქცევიან ბანკები. მათზეა დამოკიდებული სესხის გაცემა- არგაცემა, შესაბამისად ამაზე იქნება დამოკიდებული უძრავი ქონების ბედი.“ - აღნიშნა ბოდებაძემ.