2020 წლის 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უძრავ/მოძრავ ქონებას არ ფლობს.
მისმა შემოსავალმა, პრემიერის პოსტზე 2019 წლის სექტემბერ-დეკემბერში 12 854 ლარი; ხოლო იქამდე შს მინისტრის პოსტზე - 41 986 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშზე 99 ლარი ჰქონდა.
რაც შეეხება მის მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს მსუბუქ ავტომობილს - ტოიოტა RAV4-ს, რომელიც 2016 წელს აქვს შეძენილი.
მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე - 1 161 ლარი; 553 396 დოლარი და 393 ევრო ჰქონდა. მისმა შემოსავალმა გასულ წელს ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე 10 175 ლარი შეადგინა. ასევე მისმა წლიურმა გასავალმა უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე - 6 500 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, გიორგი გახარია 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე იკავებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას; 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე - ვიცე-პრემიერი იყო; 2019 წლის აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი; 2019 წლის 8 სექტემბერს კი საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნდობა გამოუცხადა.