კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) შესაძლოა, 40%-ით შემცირდეს, ხოლო 2021 წელს კიდევ 5-10% -ით. ამის შესახებ აღნიშნულია გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) დასკვნაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
”გლობალური პირდაპირი ინვესტიციები 2020 წელს, პროგნოზის თანახმად, 40% -მდე შემცირდება”, - ნათქვამია დასკვნაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც 2019 წელს შეადგენდა 1,54 ტრილიონ დოლარს, 2005 წლის შემდეგ პირველად დაეცემა 1 ტრილიონის დოლარამდე.
UNCTAD– ის პროგნოზის თანახმად, ინვესტიციების მატება უკვე 2022 წლიდან დაიწყება. მოხსენების ავტორები განმარტავენ, რომ „პანდემია არის შოკი მიწოდების, მოთხოვნის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. ღრმა რეცესიის პერსპექტივა ხელს შეუწყობს საწარმოებს გადახედონ თავიანთ პროექტებს”, - ამბობენ კვლევის ავტორები.
მათივე პროგნოზით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორმაგი ვარდნა მოსალოდნელია ლათინურ ამერიკაში, აზიის განვითარებად ქვეყნებში 30%-დან 45%-მდე, აფრიკაში 25% -დან 40%-მდე და განვითარებულ ქვეყნებში 25% -დან 40%-მდე.
პანდემიის შედეგად გამოწვეულმა ეკონომიკურმა ვარდნამ ”სერიოზულად დაარტყა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, დსთ-სა და საქართველოს, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წელს დაახლოებით 38% -ით შემცირდება”, - ნათქვამია UNCTAD-ის მოხსენებაში.
”გლობალური ეკონომიკა ახლა უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს”, - განაცხადა UNCTAD– ის გენერალურმა მდივანმა მუჰისა ქიტუიმ.