პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა მურმან ტოგონიძემ 2014 წლიდან დღემდე იმერეთის ცალკეული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით 16,395,501 ლარი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მურმან ტოგონიძე ბიძინა ივანიშვილის დის - მაგული ივანაშვილის მულის ქმარია.
„მურმან ტოგონიძე ტენდერებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობს, შპს “მშენინვესტი” კი, რომლის 100% წილს მურმან ტოგონიძე ფლობდა, სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ 2016 წელს მონაწილეობდა.
ინდივიდუალურმა მეწარმემ, მურმან ტოგონიძემ 97 ტენდერიდან 69 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 14,998,590 ლარი შეადგინა. შპს “მშენინვესტი” 2016 წელს 31-ჯერ მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში, 21 შემთხვევაში გაიმარჯვა და ჯამურად 1,008,798 ლარი მიიღო.
მურმან ტოგონიძისა და მისი კომპანიისგან მომსახურებების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საჩხერის მუნიციპალიტეტია (70 ტენდერი და 3 გამარტივებული შესყიდვა). შემსყიდველები ასევე არიან ჭიათურის, ლაგოდეხისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები.
მურმან ტოგონიძესა და შპს “მშენინვესტთან” 2014-2016 წლებში საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებმა გამარტივებული შესყიდვის 9 ხელშეკრულება გააფორმეს, ჯამური ღირებულებით 388,112 ლარი.
აღსანიშნავია, რომ მურმან ტოგონიძესა (ინდ. მეწარმე) და შპს “მშენინვესტს” მოგებული 90 ტენდერიდან 42 შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია. 20 შემთხვევაში ტენდერში მონაწილე სხვა სუბიექტმა ვაჭრობისას დაბალი ღირებულება დააფიქსირა, თუმცა სატენდერო კომისიამ მათ დისკვალიფიკაცია მისცა და ხელშეკრულება მურმან ტოგონიძესთან გააფორმა. 9 შემთხვევაში მურმან ტოგონიძემ ტენდერი მოიგო დაბალი ფასის მითითებით, თუმცა, ხელშეკრულების ღირებულება მოგვიანებით გაიზარდა.
მურმან ტოგონიძე 2017-2018 წლებში შპს “საჩხერგზას” დირექტორიც იყო. შპს “საჩხერგზამ” ამ პერიოდში საჩხერის მუნიციპალიტეტის 2 ტენდერი მოიგო, რომელთა ჯამური ღირებულება 120,521 ლარია. ეს კომპანია მმართველის შეცვლის შემდეგაც მონაწილეობს ტენდერებში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ინდივიდუალური მეწარმე მურმან ტოგონიძისა და შპს “მშენინვესტის” მიერ მოგებული ტენდერები და დაადგინონ, ხომ არ იყო ისინი ტოგონიძისა და მისი კომპანიისათვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და შეიცავდა თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს,“-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს“ ინფორმაციაში.