ლურჯი მიკროავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული, 29.8 მლნ ლარიანი ტენდერი შეწყდა.
როგორც კომისიის ოქმიდან ირკვევა, ტენდერის შეწყვეტის მიზეზი, კონკურენტული გარემოს შექმნა და შესასყიდი М2 კატეგორიის მიკროავტობუსების ტექნიკური მოთხოვნების კორექტირება გახდა.
შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი 22 ივნისს გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 18 ივლისს უნდა დაწყებულიყო და 23 ივლისს დასრულებულიყო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 29 819 040 ლარი იყო.
რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მიკროავტობუსები უნდა ყოფილიყო 2020 წელს გამოშვებული, გათვლილი უნდა ყოფილიყო 17 მგზავრზე; ამასთან, სატენდერო მოთხოვნების თანახმად, მიკროავტობუსს გვერდითა მარჯვენა მხრიდან უნდა ჰქონოდა მგზავრის ასასვლელი გასასრიალებელი კარი ცენტრალური საკეტით.