ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. ნიუ-იორკის Comex-ის საფონდო ბირჟაზე ერთი უნციის ღირებულებამ 2 060 დოლარს მიაღწია. Goldman Sachs-ის-ის პროგნოზით, ფასის ზრდა კიდევ გაგრძელდება და მომავალი 12 თვის განმავლობაში ერთი უნციის ღირებულება 2 300 დოლარს მიაღწევს.
ცნობისათვის, პირველად 2000-დოლარიანი ნიშნული ოქროს ფასმა 2020 წლის 31 ივლისს გადალახა. მაშინ ფასმა 2005,4 დოლარი შეადგინა და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ინფორმაცია მეორე კვარტალში აშშ-ს მშპ-ს 32,9%-იანი კლების შესახებ, რომელიც ასევე რეკორდული ვარდნა იყო ქვეყნის ისტორიაში.
როგორც „მსოფლიოს ოქროს საბჭო“ (World Gold Council, WGC) აცხადებს, ოქროს ფასზე და მასზე მოთხოვნაზე გავლენას მხოლოდ ინვესტორები ახდენენ და არა იუველირები ან ცენტრალური ბანკები. ინვესტორები ოქროს ყიდულობენ იმის იმედად, რომ ოქროზე ფასი კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც ამერიკის ცენტრალური ბანკი 1 ტრილიონი დოლარის ჩადებას დაიწყებს ეკონომიკის მხარდაჭერისთვის.
ოქრო ძვირდება საქართველოშიც. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ოქროს ბირჟაზე განუცხადეს, წლის დასაწყისიდან დღემდე ერთი გრამი ოქროს ფასი დაახლოებით 25-დან 35 ლარამდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, თუ წლის დასაწყისში 583 სინჯის გრამი ოქრო 80-85 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 108-110 ლარია. 999 სინჯის ერთი გრამის ღირებულებამ კი 195-200 ლარს მიაღწია, მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში მაქსიმუმ 160 ლარი ღირდა.