კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ბიზნესსა თუ სფეროს ახალ რეალობაზე მორგება მოუწია.
მათ შორის არის ავიაცია, რომელსაც პანდემიამ უზარმაზარი ზარალი მიაყენა და შეჩერებული ავიარეისების გამო არაერთი კომპანია გაკოტრების პირას მიიყვანა. საერთაშორისო სატრანსპორტო ასოციაციის მიხედვით, პანდემიამდელ მდგომარეობამდე მისვლას ავიაცია 2024 წლამდე ვერ შეძლებს.
ამასთან, არაერთ ავიაკომპანიაში უკვე იმაზე დაიწყეს ფიქრი, თუ რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს თვითმფრინავის ბორტზე, რათა მსგავსი სიტუაციის შემთხვევაში მგზავრობა უფრო უსაფრთხო და დაცული გახდეს.
ბრიტანულმა კომპანია PriestmanGoode-მ წარმოადგინა საკუთარი ხედვა, თუ როგორი უნდა გახდეს თვითმფრინავები პოსტპანდემიურ პერიოდში.
მათი თქმით, პირველ რიგში, უნდა გაიზარდოს სავარძლებს შორის მანძილი, რათა მგზავრებმა ერთმანეთს შორის დისტანციის დაცვა შეძლონ. ამასთან, ისინი მიიჩნევენ, რომ 3 ერთმანეთთან ახლოს მდებარე სავარძლის ნაცვლად უკეთესი იქნება თუ ისინი 2-2 ნაწილად დაიყოფიან.
კომპანიის განმარტებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სავარძლების ყოველ მეორე რიგს შორის სპეციალური ბადეები უნდა გაკეთდეს, რომლებიც სკამების ზემოთ დამაგრდება. ეს მგზავრებს ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებების გავრცელებისგან დაიცავს.
PriestmanGoode-ში ფიქრობენ, რომ თვითმფრინავის ბორტზე აუცილებელია უფრო ახალი და თანამედროვე ტექნოლოგიების შემუშავება, რომლებიც მგზავრებს საშუალებას მისცემს სენსორის მეშვეობით სხვადასხვა ოპერაციები განახორციელონ და ნაკლები შეხება ჰქონდეთ მოწყობილობებთან.
რაც შეეხება „ბიზნეს კლასის“ მგზავრებს PriestmanGoode-ის განმარტებით, მგზავრების პირადი სივრცე კიდევ უფრო იზოლირებული უნდა გახდეს და სავარძლებს შორის სივრცე სპეციალური ფარდებით უნდა გაიმიჯნოს.