ორი წელში რაჭა-ლეჩხუმში უკვე 72 მიტოვებული სახლი გაიყიდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ იდეის „დაკარგული სამოთხე“ ავტორმა ლექსო ჩარკვიანმა განუცხადა. მისი თქმით, სულ მალე კამპანიას კახეთის რეგიონიც შეურთდება, სადაც ახალგაზრდების ჯგუფი მიტოვებული სახლების და მისი უკვე ახალი მეპატრონების ძებნას იგივე პრინციპით შეუდგება.
„დაკარგული სამოთხე“ - ეს ის სოციალური კამპანიაა, რომლის ავტორი ლექსო ჩარკვიანი სოფლებში მიტოვებულ სახლებს ეძებს და მათ „გაცოცხლებას“ ამავე სახელწოდების Facebook-ის გვერდის საშუალებით ცდილობს. კერძოდ, სახლებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაციას საჯარო რეესტრის საშუალებით აგროვებს, მათ მოსანახულებლად კი საკუთარი ხარჯებით ჩადის. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი აღმოაჩნდება, ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავს, დანარჩენს მეპატრონე და მყიდველი თავად აგვარებენ.
რაც შეეხება თავად იდეას, როგორც ავტორი აცხადებს, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთ-ერთ სოფელში სტუმრობისას თვალწინ მიტოვებული სახლი ჩამოეშალა.
ლექსო ჩარკვიანმა აღნიშნული კამპანია 2018 წლის ივნისიდან წამოიწყო და როგორც თავად ამბობს, მასში ჩართვის სურვილი სხვადასხვა რეგიონიდანაც გამოითქვა. თუმცა, ამ დრომდე ენთუზიაზმზე მუშაობა არავის უნდოდა, თავად კი, სხვადასხვა კუთხეში სიარულს ვერ ახერხებდა.
„უკვე 72 სახლია გამთბარი (მე ასე ვეძახი, ყიდვა-გაყიდვა არ მიყვარს), ახლა 73-ე ვიპოვე და ისიც მიემატება. რაჭა-ლეჩხუმში თითქმის ყველა სოფელი ავითვისე. ამას ემატება ისიც, რომ ბოლო დროს ჩემი კამპანია ძალიან რეზონანსული გახდა და სახლების მეპატრონეებს ურჩევნიათ საქმე ჩემთან დაიჭირონ, ვიდრე გადამყიდველებთან. სოფელში რომ შევდივარ, უკვე მცნობენ. ყველამ იცის, რომ მე არანაირი ფინანსური ინტერესი არ მაქვს“,-ამბობს ლექსო ჩარკვიანი.
მისი თქმით, მიტოვეული სახლებით ძირითადად ქართველი ემიგრანტები და ახალგაზრდები ინტერესდებიან.
„ამ სახლებს ძირითადად ყიდულობენ ემიგრანტები, დაახლოებით, 60-70%, დანარჩენი არიან ახალგაზრდები. ნაწილს აგარაკისთვის უნდა, ნაწილი კი ამ სოფლებში დასახლდა. უკვე წელიწადზე მეტია გამოკეტეს თბილისში სახლები და სოფელში მოჰყავთ პროდუქტები.
რაც შეეხება სახლების ღირებულებას, რასაც ვაკვირდები, ბოლო დროს ცოტა გაძვირდა. ისე კი, ყველაზე ძვირი 16 000 აშშ დოლარი ღირდა, ეს იყო უზარმაზარი, სამსართულიანი სახლი, თავისი დიდი ეზოთი. ხოლო ყველაზე იაფი 2500 ლარი ღირდა“,-ამბობს ლექსო ჩარკვიანი.
„დაარგული სამოთხის“ ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ კახეთში გაგრძელებული კამპანია, რაჭა-ლეჩხუმის მსგავსად წარმატებული აღმოჩნდება. ამისთვის კი მოხალისე ახალგაზრდებს ყველა საჭირო რეკომენდაციას ადგილზე მისცემს.
„ჩემ კამპანიას სულ მალე შემოუერთდება კახეთი. არიან ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ მსგავი კამპანია წამოიწყონ. მათთან მივდივარ, რომ შესაბამისი რჩევები მივცე. დიდი იმედი მაქვს, რომ გამოუვათ“,- ამბობოს ლექსო ჩარკვიანი.