ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა ალექსანდრე იმნაძე ბალდინიმ მორიგი საინტერესო პროექტი შეიმუშავა. ამჯერად მან სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სატრანსფერო ვენი „ასტროვენი“ (Astrovan) შეიმუშავა, რომლის დანიშნულება, ასტრონავტების სხვადასხვა დანიშნულებით ტრანსპორტირება, მათ შორის, რაკეტის გამშვებ პლატფორმამდე მიყვანაა.
თავის პროექტზე მუშაობისას, იმნაძემ შთაგონების წყაროდ ის მოდიფიცირებული ვენები გამოიყენა, რომლებსაც NASA ადრე ასტრონავტების გადასაყვანდ იყენებდა. აერონავტიკის და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) იმნაძის პროექტში არ მონაწილეობდა, პროექტი სრულად ქართველი დიზაინერის ნააზრევია.
ავტომობილი თავისი უჩვეულო გარენობით, სოლიდური გაბარიტებით და რა თქმა უნდა, ექვსი ბორბლით გამოირჩევა. იმნაძეს ინტერიერის დიზაინი არ შემოუთავაზებია, თუმცა გარე გაბარიტების მიხედვით ადვილი სავარაუდოა, რომ ინტერიერი ფართო სივრცით გამოირჩევა. ავტომობილს აქვს აეროდინამიკური ფორმა და მისი შიდა სივრცე პრაქტიკულად დახურულია. სავარაუდოდ, ის ასტრონავტებისთვის განკუთვნილი სისტემებით იქნება ეკიპირებული.
დიზაინის დამახასიათებელი ერთ-ერთი თავისებურებაა ვიწრო საქარე შუშა. ასევე წინა და უკანა ვიწრო, LED ფარები პრაქტიკულად მთელ სიგანეზეა გაშლილი. უკან, ფსევდო ბამპერის ქვეშ, მრავალტიხრიანი ფსევდო დიფუზრი განლაგდა. ავტომობილს არ აქვს ჩვეულებრივი კარი. მის მოვალეობას, ორივე მხარეს არსებული, დიდი ზომის ლუქები შეასრულებს, რომლებიც ავტომატურად გაიხსნება/დაიხურება. უკან ყურადღებას დიდი ზომის შუშა იქცევს, რომელსაც გარს წითელი ფერის LED განათება აკრავს. სავარაუდოდ, ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ელექტრული ძალური დანადგარი მიანიჭებს.
ძნელი სათქმელია, მიიქცევს თუ არა იმნაძის „ასტროვენი“ NASA-ს ყურადღებას. ფაქტია, რომ შარშან ოქტომბერში, „ბოინგმა“ და „ეარსტრიმმა“ წარმოადგინეს „ასტროვანის“ საკუთარი ვერსია, რომელიც „მერსედეს-ბენცის“ პოპულარულ ვენ „სპრინტერის“ ბაზაზეა შექმნილი. მაგრამ ვინ იცის, იქნებ იმნაძის „ასტროვენით“, ილონ მასკის „სპეის იქსი“ დაინტერესდეს.