რუსეთში ხორბლის გაძვირებას შესაძლოა, საქართველოში პურზე ფასის მატება მოჰყვეს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსული საექსპორტო ხორბალი კიდევ 15 დოლარით გაძვირდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მეხორბლეთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განუცხადა.
როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში რუსეთში ხორბლის ფასი იზრდება. გასულ კვირასთან შედარებით ზრდამ 9-10 დოლარი, გასულ წელთან შედარებით კი, 22-23 დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ საექსპორტო ხორბლის ღირებულება ერთ ტონაზე კიდევ 12-13 დოლარით გაიზარდოს. ამ დროისთვის ერთი ტონა რუსული ხორბლის საექსპორტო ფასი 2012-2013 დოლარია.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ მიუხედავად ხორბლის ფასის მატებისა, საქართველოში ფქვილის ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის, რუსეთში ხორბლის ფასი კიდევ 15 დოლარით თუ არ გაიზარდა.
,,შესყიდვები ჩვენს მიერ მუდმივად ხორციელდება. პანდემიის პირობებში, მარაგების შესახებ რეკომენდაცია გაზრდილია და ჩვენც მივყვებით ამ გაზრდილი მარაგის პრინციპს, მუდმივ რეჟიმში მიმდინარერობს საკოორდინაციო შტაბთან ერთად მარაგების კონტროლი.
რა თქმა უნდა, ფასების ზრდის მსოფლიო ტენდენცია ჩვენზეც აისახება, მაგრამ მარაგებიდან გამომდინარე მდორედ მიმდინარეობს პროცესი. თუ ფასი კიდევ 15 დოლარით არ გაიზარდა, ჩვენთან ფქვილი და შესაბამისად, პური არ გაძვირდება. შემდეგ შეიძლება იყოს გარკვეული ცვლილებები, მაგრამ არა დრამატული.
ფქვილის ბაზარზე არსებობს ორი რისკი - ფქვილის ფასი და ლარის კურსი. რომელიმე ფაქტორი რადიკალურად თუ არ შეიცვალა, არ უნდა ველოდოთ ცვლილებებს. ამ ეტაპზე ქვეყანას 1,5-2 ორი თვის მარაგი აქვს“, - განაცხადა სილაგავამ.
სილაგავა ამბობს, რომ ხორბლის ერთადერთი იმპორტიორი წელსაც რუსეთი იქნება თუ არა, ამას 20 დღეში ყაზახეთში აღებული მოსავალი განაპირობებს.
,,გასულ წელს ყაზახეთში ხორბლის ძალიან ცუდი მოსავალი იყო, შესაბამისად, სატრანსპორტო მდგენელის სუბსიდირების მექანიზმი ვერ იქნა გამოყენებული, რაც ყაზახეთსა და საქართველოს აქვს. წელს, სექტემბრის შუა რიცხვების შემდეგ გაირკვევა, როგორი იქნება მოსავალი იქ და რამდენის იმპორტირებას შევძლებთ. ასევე, როგორი იქნება ფასი, ეს 20 დღის შემდეგ გვეცოდინება, როცა ყაზახეთში ხორბლის აღება აქტიურ ფაზაში შევა“, - აღნიშნა სილაგავამ.
მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, წელს, საქართველოში სამწუხაროდ არ იყო კარგი მოსავალი და მხოლოდ ჩვენი მოთხოვნის 10%-ზე ნაკლების დაკმაყოფილებას შევძლებთ: „მაგრამ პროგრამებით, რომელიც ამოქმედდა, 2-3 წელიწადში იმედი გვაქვს, რომ ცოდნისა და ტექნოლოგიის ხარჯზე, საერთო მოთხოვნის 40%-ს უზრუნველვყოფთ, რაც ჩვენი მაქსიმუმია“, - ამბობს სილაგავა.
შეგახსენებთ, საქართველოში ხორბლის ერთადერთი იმპორტიორი რესეთია. 2020 წლის იანვარ-ივლისში ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში საქართველომ 222,840 ტონა ხორბალი და მესლინი იყიდა, ჯამში 49,371 მლნ დოლარის ღირებულების.