სკოლის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საკითხია.
მშობელს შვილისთვის ორი არჩევანი აქვს - კერძო და საჯარო სკოლა.
ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება კერძო სკოლა, ზოგიერთ მათგანში სწავლის წლიური გადასახადი კი ფუფუნებად ითვლება.
„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, თბილისში რომელია ყველაზე ძვირად ღირებული სკოლა.
„QSI" საერთაშორისო სკოლა
წლებია „QSI" ყველაზე ძვირად ღირებული სკოლის სტატუსს ინარჩუნებს. QSI-ს ისტორია 1971 წელს იწყება: პირველი ასეთი სკოლა იემენის დედაქალაქ სანაში გაიხსნა. თბილისში კი სკოლა 1995 წელს დაარსდა და სწავლა მთლიანად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. სკოლაში წლიური გადასახადი 22 400 დოლარია, რასაც 3 200 დოლარი ფონდის მოსაკრებელი ემატება. ჯამში კი სკოლის მოსწავლეებს 25 600 დოლარი ექნება გადასახდელი. საერთაშორისო სკოლაში საქართველოში სხვადასხვა მისიით მყოფი დიპლომატების შვილები სწავლობენ.
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია
ამერიკული აკადემია თბილისში 2001 წელს დაარსდა. სწავლის წლიური გადასახადი 2020-2021 სასწავლო წლისთვის ასე გამოიყურება:
8 კლასში წლიური გადასახადი 13 500 ლარია. 9-12 კლასში კი საქართველოს მოქალაქისთვის 25,000, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 35, 000 ლარი. გარდა ამისა, აკადემიაში მიღებულ მოსწავლეს 600 ლარის ოდენობის საგარანტიო დეპოზიტის გადახდა მოეთხოვება.
მოსწავლეს მატერიალური პასუხისმგებლობის ქვეშ გადაეცემა აკადემიის კუთვნილი ქონების ნაწილი, როგორიცაა წიგნები, შემნახველი კარადის გასაღები და სხვა აქტივები. მეთორმეტე კლასის ბოლოს, მოსწავლეს აღნიშნული დეპოზიტი სრულად დაუბრუნდება.
ევროპული სკოლა
ევროპული სკოლა 2007 წელს დაფუძნდა. 2009 წელს სკოლამ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IB DP) ავტორიზაცია მოიპოვა. 2010 წელს კი “ევროპულმა სკოლამ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკრედიტაცია გაიარა. რაც შეეხება სწავლის საფასურს, ქართული პროგრამის საფასური 4500 ევროა. ხოლო საერთაშორისო პროგრამებში (მათ შორის IB და ამერიკული) 8000-10000 ევრო ღირს წლიურად ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.
ლოგოსი
სკოლა „ლოგოსი“ 2010 წელს დაარსდა. სკოლის აკადემიური პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მას ემატება საერთაშორისო ტესტები SAT და TOEFL. საერთაშორისო აკადემია ლოგოსის ღირებულება დაწყებით კლასებში წელიწადში 6900 ლარია, VII და VIII კლასებში 9900 ლარი, ხოლო IX კლასიდან XII კლასის ჩათვლით 12600 ლარი.
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისში 2000 წელს გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით შეიქმნა. დაწყებითი და უმაღლესი სკოლის საფეხურზე სწავლის ღირებულება წელიწადში 2900 ფუნტს შეადგენს (ექვივალენტი ლარში). თანხა მოიცავს: კვებას, ტრანსპორტირებას, აკადემიურ და სპორტულ უნიფორმას, თემატურ ექსკურსიებს და სახელმძღვანელოებს.
ბრიტანულ-ქართული აკადემია
ბრიტანულ-ქართული აკადემია ავტორიზებული კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, რომელიც 2006 წელს დაარსდა. 2020-2021 სასწავლო წელს სწავლის წლიური ღირებულებაა: 5900 დოლარია (ეკვივალენტი ლარში).
თბილისის თავისუფალი სკოლა
2018 წელს კახა ბენდუქიძის მიერ შექმნილი ცოდნის ფონდისა და თავისუფალი უნივერსიტეტის მონაწილეობით თბილისის თავისუფალი სკოლა გაიხსნა. აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეები გაძლიერებულად სწავლობენ - მათემატიკას, კომპიუტერულ მეცნიერებას, ინგლისურსა და ქართულ ენასა და ლიტერატურას. რაც შეეხება წლიურ გადასახადს, 2020-2021 წლისთვის 8900 ლარს შეადგენს. ამ ფასში შედის გაკვეთილები, კლუბები, ღონისძიებები, ექსკურსიები, სახელმძღვანელოები, ფორმები და 0 კლასში სამჯერადი, 1-4 კლასებში კი ორჯერადი კვება.