ეკონომისტი აკაკი ცომაია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეროვნული ვალუტის გაუასურებას ეხმაურება. ეკონომისტი რამდენიმე მოცემულობას განიხილავს, რაც მისი შეფასებით ლარის კურსზე ახდენს გავლენას.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ქეისი 1: ნინოს ბიზნესია ტურიზმი. შემოსავალი აქვს დოლარში. გივის ბიზნესია იმპორტი. შემოაქვს პროდუქტი, რომელსაც ყიდულობს ნინო, ნიკა და ნარჩენს თავად მოიხმარს. ნიკა მუშაობს სახელმწიფო სამსახურში და შემოსავალი ლარში აქვს. ნინოს ბიზნესი გაუჩერდა და ვეღარ ქმნის მოთხოვნას იმპორტზე. ნიკას კვლავ უხდიან ხელფასს ლარში და ქმნის მოთხოვნას იმპორტზე, მაგრამ გივის ვეღარ შემოაქვს ნიკასთვის იმპორტი, რადგან ვერ ახურდავებს ლარს დოლარში. ამიტომ, ლარი უნდა გაუფასურდეს და იმპორტი გაძვირდეს ისე, რომ ვერც ნიკამ შეძლოს მოთხოვნის შექმნა იმპორტზე. თუ სებ-ი დაიწყებს რეზერვების ხარჯვას, შეინარჩუნებს ნიკასა და გივის კეთილდღეობას მანამდე, სანამ რეზერვები არ ამოეწურება. ბოლო სერიაში, საზოგადოების სამივე წევრს შერჩება ვალი დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. ასე, რომ ამ ქეისში, რეზერვების ხარჯვა უაზრობაა. ეკონომიკის ვარდნა 12%-ია მეორე კვარტალში. მოცემულობაა და შეეგუეთ. ეს პროცესი ხდება დღეს.
ქეისი 2: ვიღებთ დახმარებას (არ ვართულებ, კრედიტსაც ვიღებთ) უცხოურ ვალუტაში, რომ ეკონომიკის ვარდნის ტვირთი არ იყოს ძალიან მძიმე. ჩვენს დახმარებას იღებს მთავრობა. მან სებ-ს უნდა მისცეს დოლარი და სანაცვლოდ მიიღოს ლარი. დახმარებას ვიღებთ ლარში. ახლა უკვე ვქმნით მოთხოვნას იმპორტზე, მაგრამ გივი ვერ შეძლებს დოლარის ყიდვას მანამდე, სანამ სებ-ი არ გაყიდის ამ დახმარებით შექმნილ რეზერვებს. ამიტომ, სებ-მა უნდა გაყიდოს შესაბამისი რაოდენობის რეზერვები ეფექტურად და იმის ადეკვატურად, თუ ლარში დახარჯული დახმარების რა ნაწილი აწვება სავალუტო ბაზარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი ადამიანის კეთილდღეობა შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაუარესდეს (ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდეს) იმის ხარჯზე, რომ სებ-ს მეტი რეზერვი ექნება. ეს პროცესი ხდება დღეს.
ქეისი 3. სებ-ი კრძალავს სესხის დოლარში გაცემას. გივის ხელმისაწვდომობა დოლარზე მცირდება. საზოგადოება ვეღარ შეძლებს იმ რაოდენობის იმპორტის შესყიდვას, რასაც ყიდულობდა მანამდე, სანამ სესხის უცხოურ ვალუტაში აღება შეეძლო. ამიტომ, ლარი უნდა გაუფასურდეს, იმპორტი შემცირდეს და სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდეს. 2017 წლიდან ეს პროცესი მიმდინარეობს.
ქეისი 4. აშშ-მ გააძვირა დოლარი. მსოფლიოს ინვესტორებმა საკუთარი აქტივები გადაიყვანეს დოლარში. დოლარის მიმართ ყველა სხვა დანარჩენი ვალუტა გაუფასურდა. ამ ტიპის მოვლენასთან გვქონდა საქმე 2014-2015 წლებში
ქეისი 5. სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკებმა დაიწყო შემცირება. მაგალითად, თურქეთში ერდოღანმა გააფრინა. რუსეთსა და აზერბაიჯანში ნავთობზე ფასი დრამატულად შემცირდა. ჩვენ დავკარგეთ შემოსავალი ექსპორტიდან, ფულადი გზავნილებიდან, ნაწილობრივ, ტურიზმიდან. ასე, რომ ლარი უნდა გაუფასურდეს. ამ მოვლენებთან გვქონდა საქმე 2014-2016 წლებში. ასეთია ჩვენი პროდუქტიულობა. ევროკავშირის, აშშ-ს ან იაპონიის ბაზარს ვერ ვწვდებით. ესა ვართ, რაცა ვართ. რეზერვების ხარჯვა ისეთივე სისულელეა, როგორც პირველ ქეისში.
ქეისი 6. თურქული ლირა უფასურდება. თურქული საქონლის იმპორტიორებს აქვთ მოლოდინი რომ ლარიც გაუფასურდება. ყიდულობენ დოლარს სასწრაფოდ. დოლარის თურქულ ლირაში გადახურდავება მოუტანთ მათ დამატებით სარგებელს, ვიდრე გაუფასურებული ლარის გაყიდვა. ამიტომ, ლარი დღესვე უფასურდება. რეზერვების დახარჯვა-არდახარჯვის საკითხი ოპერაციათა მასშტაბზეა დამოკიდებული. ლარი გაუფასურდება, მაგრამ მერე უნდა დაუბრუნდეს წონასწორობის ნიშნულს. ამ მოვლენასთან სულ გვაქვს საქმე. დროის ნებისმიერ მომენტში.
ქეისი 7. სებ-ი არბილებს მონეტარულ პოლიტიკას. კრედიტების რაოდენობის ზრდა ლარში გაზრდის მოთხოვნას იმპორტზე და გააუფასურებს ლარს. თუმცა, ეს ნაკლებად ეხება დღევანდელ მდომარეობას. ყურადღება მიაქციეთ, რომ პოლიტიკის შერბილება არ უდრის კრედიტების ზრდას. დღეს, ბანკები ხედავენ კრედიტის გაცემის მაღალ რისკებს და ყველაფერი მიაქვთ რეზერვებში. დეპოზიტები უმცირდებათ, ლიკვიდობას ებრძვიან. დღეს რომ ყველამ ერთად მიაკითხოთ ბანკებს და გამოიტანოთ ყველა ის ფული, რაც ანგარიშზე გაქვთ, ყველა ბანკი გაკოტრდება. ეს შეიძლება იყოს (ვვარაუდობ, ვერ დავადასტურებ), ქეისი ორი წლის წინ (როდესაც შერბილდა განავეთი), რასაც მოყვა ინფლაცია. ზოგადად, როდესაც ექსპანსიურ მონეტარულ პოლიტიკას მოყვება ინფლაცია და თუ მანამდე ლარი უფასურდება, ალბათობა მაღალია, რომ სებ-ის ბრალია.
ქეისი 8. ნუ გამოგრჩებათ მთავრობის აღვირახსნილი ხარჯვა და დაუოკებელი წყურვილი, რომ ფლანგოს ფული პანდემიის დროსაც. თუ ის არ შემოიჭერს ქამრებს, ჩვენ კიდევ უფრო მეტად მოგვიწევს მისი შემოჭერა. მარტივად რომ ვთქვათ, (-12% ) თუ მას არ ეხება, მაშინ ჩვენ პირობითად, (-20%) შეგვეხება. ამიტომ, ლარი გაუფასურდება ამ მიზეზითაც. ამ პროცესების მოწმე ვართ სულ, მაგრამ განსაკუთრებით, 2014 წლიდან დღემდე.
ქეისი 9. პირველი ქეისიდან გამომდინარე, ბაზარზე პანიკაა. ყველა ცდილობს, რომ მოიშოროს ლარი და საკუთარი აქტივები განათავსოს დოლარში. სებ-მა უნდა დახარჯოს რეზერვები, რომ ჩააქროს ცეცხლი.
კიდევ ბევრი ქეისია. ყველას ვერ ჩამოვთვლი. ახლა უნდა გამოვეხმაურო ყბადაღებულ რეფინანსირების სესხების თემას. არცერთ ქეისში ეს მიზეზი არ მიხსენებია. ერთ მშვენიერ დღეს, ერთმა ადამიანმა (გვარს და სახელს არ დავასახელებ) აღმოაჩინა, რომ რეფინანსირების სესხები და ლარის გაუფასურება ერთმანეთთან დიდ კორელაციაშია. იყვირა "ევრიკა", მაგრამ აღარ განმარტა რეფინანსირების სესხები აუფასურებს ლარს, თუ ლარის გაუფასურება ზრდის რეფინანსირების სესხებს. წარმოიდგინეთ, რომ ბანკებიდან გამოგაქვთ ფული, რომ იყიდოთ დოლარი. აქ საკვანძოა ის, რომ ბანკებიდან გამოგაქვთ ფული. ბანკს სჭირდება ლიკვიდობა. რეზევები უნდა შეივსოს გასაგები მიზეზების გამო. ამიტომ, რეფინანსირების სესხები იზრდება. დოლარს რომ ყიდულობთ, ლარი უფასურდება. მივიღეთ "ევრიკა". საპირისპირო რომ დაამტკიცოთ, მე-7 ქეისი უნდა განიხილოთ. ვფიქრობ, სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი შედარებით მოზომილ პოსტებს უნდა აცხობდეს ამ საკითხზე.
აქვე, სებ-ის კიდევ ერთ ყოფილ პრეზიდენტის განცხადებასაც მინდა გამოვეხმაურო. 2012 და 2019 წლის ნომინალური მშპ გადაიყვანა დოლარში და ამაზე დაყდნობით სრულიად საზოგადოებას გამოგვიცხადა, რომ ეკონომიკა ბოლო 8 წლის განმავლობაში არ გაზრდილა. ზოგერთმა მასმედიამაც ეს ფაქტი მიიღო, როგორც სრული ჭეშმარიტება. მეც მინდა ამ მთავრობის შეცვლა, მაგრამ ნუ მოვიტყუებით. რბილად რომ ვთქვათ, სირცხვილია. მცირე ტემპებით, მაგრამ ეკონომიკა ყოველ წელს იზრდებოდა, თუ ბოლო 2020 წელს არ ჩავთვლით.
და ბოლოს, ძალზე გააქტიურდა ფიქსირებული სავალუტო რეჟიმისა და ინოვაციური მულტისავალუტო რეჟიმის იდეა. აი, ლარი რომ არ გვქონდეს, ხომ აღარ გაუფასურდება ვალუტა და უკეთ ვიცხოვრებთ. აქ მე არ ვადარებ რეჟიმებს. მხოლოდ მინდა, რომ ცრუ ეიფორიული განწყობები და მოლოდინები არ შეგექმნათ. წაიკითხეთ პირველი ქეისი. ნინოს ვეღარ შემოაქვს დოლარი, მაშინ ნიკაც ვეღარ აიღებს ხელფასს (ახლა ლარში მაინც იღებს). ეკონომიკისა და კეთილდღეობის ვარდნა მეტი გვექნება. არ შემოდის დოლარი, აღარა აქვს ბანკს ლიკვიდობა. ორი გზა რჩება: ახალი ვალი აიღოს, რომ ძველი ვალი გაისტუმროს (ფინანსურ პირამიდას გავს) ან პროცენტი უნდა გაგიძვიროთ. კრედიტის ტვირთი ლარის გაუფასურებით დაგიმძიმდებათ, თუ კრედიტის გაძვირებით, რა მნიშვნელობა აქვს. პლიუს, არა აქვს ბანკს ლიკვიდობა. საფინანსო სისტემა ნაღმზე ზის. (-12%) თუ 6 ბალიანი მიწისძვრაა, საფინანსო სისტემის ჩამოშლა, 10 ბალიანი იქნება. ფიქსირებულ სავალუტო რეჟიმებს აქვს დადებითი მხარეები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ აქვს ბევრი უარყოფითიც,“-წერს ცომაია.