ქორწინების ოქროს ბეჭედი 42,34%-ით გაძვირდა - ოქროს ექსპორტი კი 30.7%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედზე - ფასი 42,34%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ოქროს ბეჭედი ერთ-ერთია იმ პროდუქტების ხუთეულში, რომელიც წელიწადის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის პირობებში ოქროს ფასი მსოფლიო მასშტაბით ძვირდებოდა და აგვისტოში რეკორდულ ნიშნულზეც იყო. იმავე პერიოდში ძვირფას ლითონზე ფასი იზრდებოდა საქართველოშიც. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ოქროს ბირჟაზე უცხადებდნენ, წლის დასაწყისიდან ერთი გრამი ოქროს ფასი დაახლოებით 25-დან 35 ლარამდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, თუ წლის დასაწყისში 583 სინჯის გრამი ოქრო 80-85 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 108-110 ლარია. 999 სინჯის ერთი გრამის ღირებულებამ კი 195-200 ლარი იყო, მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში მაქსიმუმ 160 ლარი ღირდა.

აღსანიშნავია, ოქრო საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორისაც ხვდება. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მისი ექსპორტი 30.7%-ით გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელ 8 თვეში საქართველოდან 59,581 მლნ აშშ დოლარის ოქრო გავიდა ექსპორტზე, მაშინ როცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 45,595 მლნ დოლარი იყო.

თაია არდოტელი