ბანკებზე თავდასხმა, მათი ძარცვა ყველა ქვეყანაში ხდება, თუმცა საქართველო ამ საქმეში ლამის რეკორდსმენია.
არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, დროის კონკრეტულ მონაკვეთში რამდენჯერ დაესხნენ თავს ყაჩაღები ბანკებს, რადგან ამ დანაშაულებზე საქმეები სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლებით აღიძრა და მონაცემებმაც დანაშაულის ზოგად სტატისტიკაში მოიყარა თავი. თუმცა მედიაში გამოქვეყნებული კრიმინალური ქრონიკა ბანკებზე თავდასხმის ყველაზე გახმაურებულ ფაქტებს ინახავს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველწლიურად საქართველოში ათეულობით ასეთი დანაშაული ხდება. ამ კრიმინალური საგის დამაგვირგვინებელი, ალბათ, გასულ კვირას ზუგდიდში ბანკში შევარდნილი მძარცველის, მძევლებისა და ნახევარი მილიონი დოლარის ამბავია. როგორც ჩანს, სწორედ ასეთი მასშტაბის დანაშაული უნდა მომხდარიყო, რომ ბანკებს დაცვის სისტემების გაძლიერებაზე ეფიქრათ და არა მარტო სათავო ოფისებში, არამედ ყველა ფილიალსა და სერვისცენტრში, სადაც კბილებამდე შეიარაღებული პირი ისევე შევიდა, როგორც კომუნალური გადასახადების გადასახდელად მისული მომხმარებელი.
გამოცხადებული ძარცვის ქრონიკა
როგორც ჩანს, კომერციული ბანკების სარეკლამო მოწოდებები, რომ "ყველა რთული ვითარებიდან არსებობს გამოსავალი და უნდა ვიმოქმედოთ", მძარცველებმა თავისებურად გაიგეს და იერიშზე გადავიდნენ. შორს რომ არ წავიდეთ, შეგვიძლია ბოლო წლებში ბანკების ძარცვის გახმაურებული შემთხვევები გავიხსენოთ. მაგალითად, 2016 წლის სექტემბერში თბილისში ერთ დღეში ორჯერ დააყაჩაღეს "ლიბერთი ბანკის" ფილიალები: პირველი შემთხვევა გლდანის III მიკრორაიონში მოხდა - თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით პოლიციელი დაჭრა, - მეორე კი ნაძალადევში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე. გამოძიება ორივე შემთხვევაში ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. მედიისთვის უცნობია, რა თანხა წაიღეს თავდამსხმელებმა.
რამდენიმე დღეში ავტომატებით შეიარაღებული ორი პირი ვაზისუბანში სავაჭრო ცენტრ "სმარტში" განთავსებულ "საქართველოს ბანკისა" და "ლიბერთი ბანკის" ფილიალებში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხა გაიტაცა. ისინი ორ დღეში დააკავეს. იმავე წელს ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირმა "ლიბერთი ბანკის" გლდანის სერვისცენტრში მოლარე-ოპერატორს 3 ათასამდე ლარი წაართვა და მიიმალა. ამ შემთხვევამდე დაახლოებით ორი თვით ადრე კი ვაკეში, თსუ-ის I კორპუსის წინ "საქართველოს ბანკის" ექსპრესფილიალი გაძარცვეს და 17 ათასი ლარი გაიტაცეს, 2017 წლის 8 ოქტომბერს წალკაში "საქართველოს ბანკი" დაცვის თანამშრომელმა გაძარცვა. ის მალევე დააკავეს.
ბანკის ძარცვის ყველა შემთხვევას რა ჩამოთვლის, მაგრამ უნდა გავიხსენოთ 2017 წლის 18 და 19 დეკემბერიც, როცა "საქართველოს ბანკის" ორი ფილიალი დააყაჩაღეს - წერეთლის პროსპექტზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ექსპრესფილიალში 25 წლის შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს თანხა წაართვა, 19 დეკემბერს კი ყაჩაღობა ისან-სამგორის რაიონში მდებარე ფილიალში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბანკში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა, მოლარე-ოპერატორს 3.900 ლარი წაართვეს და მიიმალნენ. "საქართველოს ბანკის" ექსპრესფილიალი 12 დეკემბერსაც დაუყაჩაღებიათ. ოფიციალური ინფორმაციით, გვიან ღამით 29 წლის შეიარაღებული მამაკაცი ბანკში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს 5.415 ევრო, 8.353 ამერიკული დოლარი და 7.425 ლარი გასტაცა.
კრიმინალური ქრონიკა მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. 2018 წლის 22 იანვარს ,,საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებისას მძარცველმა მოქალაქეს ცეცხლი გაუხსნა და მუცლის არეში დაჭრა, თანხა გაიტაცა და მიიმალა. 16 მაისს რობაქიძის პროსპექტზე "ლიბერთი ბანკის" ფილიალში შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა და 4.580 ლარი, 200 ევრო და 100 დოლარი გაიტაცა. დამნაშავე მეორე დღეს დააკავეს. იმავე წლის 4 მარტს აბაშაში აღმაშენებლის ქუჩაზე "თიბისი ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასატორი დააყაჩაღეს, გაიტაცეს 250.000 ლარი და მიიმალნენ. პოლიციამ ორი დამნაშავე რამდენიმე თვეში დააკავა.
გამონაკლისი არც გასული წელი გამოდგა. 2019 წლის 2 მარტის დილას ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ფილიალთან თავს დაესხნენ საინკასაციო მანქანას და ცეცხლსასროლი იარაღით ინკასატორი დაჭრეს. ბოროტმოქმედებმა საინკასაციოდ გამზადებული ფული, ინკასატორების ცეცხლსასროლი იარაღები გაიტაცეს და მსუბუქი ავტომობილით მიიმალნენ. ისინი რამდენიმე დღეში დააკავეს.
2019 წლის 8 მარტს "საქართველოს ბანკის" გლდანის ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის დროს თავდამსხმელებმა მძევლად აიყვანეს ორი მოქალაქე, ჩამოართვეს ავტომობილი, ბანკში შეიჭრნენ და ფული მოითხოვეს. ბანკის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს. ფილიალთან მისულ პოლიციას თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს, მაგრამ არავინ დაშავებულა. თავდამსხმელები იძულებული გახდნენ მძევლები გაეთავისუფლებინათ და მიიმალნენ გატაცებული ავტომანქანით, რომელიც შემდეგ კვალის დასაფარად დაწვეს. პოლიციამ ორი პირი დააკავა, წარსულში ნასამართლევი და პირობითად მსჯავრდადებული.
19 აპრილს ვარკეთილში "ლიბერთი ბანკში" ხელნაკეთი ყუმბარა შეაგდეს. თავდასხმისას ორი ადამიანი დაშავდა. სამი დამნაშავე მეორე დღესვე დააკავეს. 8 აგვისტოს თბილისში ჩიტაიას ქუჩაზე თავს დაესხნენ ,,საქართველოს ბანკის" ექსპრესფილიალს. მძარცველი, რომელმაც 10.000 ლარი გაიტაცა, რამდენიმე დღეში დააკავეს.
ბანკის მძარცველები არც პანდემიას შეუფერხებია და წლეულს გახმაურებული შემთხვევებიდან შეგვიძლია გავიხსენოთ შუახევში მომხდარი ყაჩაღობა - სოფელ ჩანჩხალოში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ "ლიბერთი ბანკის" გამსვლელ მოლარე-ოპერატორს, სცემეს და წაართვეს 7000-მდე ლარი, საპენსიო თანხა. დაშავებული ინკასატორი საავადმყოფოში გადაიყვანეს, პოლიციამ კი დამნაშავეთა ჯგუფი დააკავა. წელს, 25 ივნისს, გაძარცვეს ფონიჭალაში მდებარე "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრი - მძარცველმა 18.168 ლარი გაიტაცა. 11 ოქტომბერს თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე კომპანია "რიკო კრედიტის" შენობაში ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს თანხა მოსთხოვა. ბოროტმოქმედი ცხელ კვალზე დააკავეს...
საუკუნის ძარცვა და გამქრალი 9 მილიონი
2015 წლის 24 ოქტომბერს, როცა თავისუფლების მოედანზე კონცერტი მიმდინარეობდა, იქვე მდებარე "საქართველოს ბანკის" ცენტრალური ფილიალიდან ინკასაციის მანქანით დიდძალი ფული გაიტაცეს. გავრცელებული ცნობით, მძარცველებმა ფულით დატვირთული ინკასაციის მანქანა რადარებიდან გათიშეს, ქალაქის ერთ-ერთ უბანში დააგდეს, თანხა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან გაიტანეს და ქვეყნიდან გავიდნენ. მაშინ ეს საუკუნის ძარცვად შეფასდა. გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც შემდეგ შს სამინისტრომაც დაადასტურა, ძარცვას ხელმძღვანელობდა ბანკის საინკასაციო სამსახურის უფროსი ილია გელაშვილი და თანხაც ქვეყნიდან მან გაიტანა. ორ კვირაში შსს-მ ბრიფინგი გამართა, სადაც ითქვა, რომ დანაშაული ნაწილობრივ გახსნეს და გატაცებული თანხის დიდი ნაწილი დამნაშავეთა თანამზრახველების ბინისა და სარდაფის ჩხრეკისას ამოიღეს. ეს მოპარული 9.197.771 ლარის რა ნაწილი იყო, არავინ იცის, რადგან ბანკმა საჯაროდ საუბარი არ ისურვა კომერციული საიდუმლოს საბაბით. ის კი ითქვა, რომ ზარალი სრულად ჰქონდათ დაზღვეული. მას შემდეგ 5 წელიწადია გასული და საუკუნის ძარცვის მთავარი "გმირი" დაკავებული ჯერაც არ არის. ერთადერთი ცნობა, რაც მის შესახებ შსს-ს ვებგვერდზე იძებნება, სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების მიმდინარეობას ეხება.
"შეცდომებზე მაინც უნდა ვისწავლოთ"
მამუკა ხუციშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციების, ფასეულობის დაცვისა და სპეცგადაზიდვის სამმართველოს ყოფილი მთავარი ექსპერტი: "სამოქალაქო ომიც გადავიტანეთ, შეიარაღებული ფორმირებების თარეშიც, მაგრამ საბანკო სექტორს, არც ეროვნულ ბანკსა და არც კომერციულ ბანკებს არავინ შეხებია. მე თვითონ ჩამოვიტანე 25 წლის წინ საქართველოში სპეცრეისით ლარის პირველი ბანკნოტები 1,3 მილიარდის ოდენობით და ერთი თეთრიც არ დაკარგულა. მე, როგორც ექსპერტს, ზუგდიდში ბანკზე თავდასხმის ინფორმაციის გახმაურებისთანავე ერთი კითხვა დამებადა: რატომ არ არსებობდა ბანკში უსაფრთხოების დაზღვევის მექანიზმები და თუ არსებობდა, რატომ არ იმუშავა არც ერთმა? წესით, ასეთ ობიექტში ყველაფერი სკრუპულოზურად უნდა იყოს გათვლილი, დაწყებული იმით, განგაშის ღილაკზე დაჭერიდან რამდენ წამში მივა დაცვის პოლიცია და დამთავრებული იმით, უნდა ჰქონდეს თუ არა ბანკის დაცვის თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღი.
მახსოვს, ინგლისის ცენტრალურ ბანკში გავოცდი, როცა ვერსად შევნიშნე უნიფორმაში ჩაცმული დაცვის თანამშრომლები, სანამ არ მიმითითეს, რომ ჩვენ გარშემო მოძრავი რამდენიმე კლასიკურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა სინამდვილეში კბილებამდე შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი უსაფრთხოების თანამშრომელი იყო.
საბანკო სექტორი ვითარდება, ქვეყანაში ფულის მასა იზრდება და მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს უსაფრთხოების სისტემების სრულყოფა, თანამედროვე სტანდარტებსა და საჭიროებებზე მორგება. ვიცით შემთხვევები, როცა ბანკის ერთი ფილიალი თვეში ხუთჯერ დააყაჩაღეს. ასე როცა ხდება, ხომ უნდა დასხდნენ, გააანალიზონ და შექმნან უსაფრთხოების იმგვარი მექანიზმი, რომ უკვე მომხდარი სცენარით თავდასხმისგან მაინც დაიზღვიონ თავი. ბანკებს ყველგან ესხმიან თავს, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, მაგრამ იქ შეცდომებზე მაინც სწავლობენ და დაცვის მექანიზმები მუდმივად იხვეწება. ჩვენთან კი წლებია ერთი და იგივე ხდება. მარტივ რამეს ვიკითხავ, რასაც საექსპერტო ცოდნა საერთოდ არ სჭირდება: იარაღიანი პირი ბანკში თავისუფლად როგორ უნდა შედიოდეს? ეს ნიშნავს, რომ არც შენი თანამშრომლის უსაფრთხოებას იცავ და არც მომხმარებლისას. რატომ არ შეხვდა მას შესვლისთანავე წინააღმდეგობა? დღეს არა მარტო სახელმწიფო, კერძო ორგანიზაციებშიც დამონტაჟებულია ლითონის ამომცნობი ხელსაწყოები. ბანკებში უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები თუ უმოკლეს დროში არ დაიხვეწა, ამ შემთხვევებმა შესაძლოა სხვასაც უბიძგოს კრიმინალისკენ. ამის გაფიქრების შანსიც არ უნდა დავუტოვოთ დანაშაულისკენ მიდრეკილ პირებს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ბანკში ყაჩაღობისთვის შესულს დიდი წინააღმდეგობა შეხვდება. კარგია, რომ საბანკო სექტორი ვითარდება, მაგრამ ჩანს, რომ ძალიან ცოტა ფულს ხარჯავენ უსაფრთხოების დასაცავად. სასწრაფოდ შესაქმნელია საბანკო, სახელმწიფო სექტორისა და ექსპერტების უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს დებულებას ბანკის, კლიენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფისთვის".
წყარო: „კვირის პალიტრა"