თითქმის მივეჩვიეთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ორი ურთიერთგანსხვავებული, პარალელური აღქმა არსებობს. განსაკუთრებით კი პოლიტიკაში, როცა ოპოზიცია ყველაფერს მუქ ფერებში ხედავს, ხელისუფლება კი იმავე მოვლენებს პოზიტიურად წარმოაჩენს. ასეთ დროს გრჩება განცდა, რომ ორ პარალელურ საქართველოში ცხოვრობ და გიჭირს გარკვევა, რომელია მათ შორის რეალური. სწორედ ეს განცდა დამრჩა, როცა აღმოვაჩინე, რომ ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში უმუშევრობა შემცირდა(?!) - ანუ მაშინ, როცა ვირუსის გავრცელების პირველი ტალღის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო სამსახური დაახლოებით 410 ათასმა მოქალაქემ დაკარგა (მთავრობამ სწორედ მათ გადაუხადა მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით 200-ლარიანი 6-თვიანი და 300-ლარიანი ერთჯერადი შემწეობა), ქვეყანაში უმუშევრობის დონე მეორე კვარტალში 12,3% იყო - დაახლოებით იგივე, რაც 2018-ში ან 2019-ში. ახლა კი, ახალი შეზღუდვების დროს, მთავრობამ თავად დაითვალა, რომ უმუშევარი ამჯერად დაახლოებით 300 ათასი კაცი დარჩებოდა (სხვათა შორის, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება უკვე მიიღო 54 ათასმა მოქალაქემ, განაცხადი კი სულ 65 ათასზე მეტმა შეავსო), ამ ფონზე მეორე კვარტალთან შედარებით უმუშევრობა შემცირდა კიდეც და მესამე კვარტალში 11,9% შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წლის პირველ კვარტალში უმუშევარი იყო 225 ათასი კაცი, მეორეში - 235 ათასი, ხოლო მესამეში 219 ათასი. შესაბამისად, ამოცანა გვეკითხება: სად წავიდა ტურიზმის, სარესტორნო, სასტუმრო, სატრანსპორტო, სავაჭრო, გასართობ ბიზნესებში დასაქმებული და ახლა უმუშევრად დარჩენილი ასეულათასობით მოქალაქე?
რამაზ გერლიანი, "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი:
"ეს ის შემთხვევაა, როცა შეიძლება ვთქვათ, რომ "გარღვევა" გვაქვს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში. არსად ჩანან ის მოქალაქეები, ვინც მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დღემდე დაკარგეს შემოსავალი, სამსახური, იყვნენ საშემოსავლო გადასახადის გადამხდელები და ახლა აღარ მუშაობენ. ისინი ოფიციალური სტატისტიკის არც ერთ მონაცემში არ ასახულან - არც უმუშევრად დარჩენილებში და არც აქტიურ სამუშაო ძალაში. სხვათა შორის, სტატისტიკის სამსახური ხშირად აქვეყნებს ასეთ პარადოქსულ მონაცემებს. ერთი მხრივ, ქვეყანაში გვაქვს უმუშევრობის კლება და მეორე მხრივ, სამუშაო ადგილები მცირდება. თუ ხელისუფლება გვეუბნება, რომ წლეულს უმუშევრობის შემწეობა რამდენიმე ასეულმა ათასმა მოქალაქემ მიიღო, რამაც 100 მილიონ ლარს გადააჭარბა, ეს ნიშნავს, რომ მათ სამსახური დაკარგეს და მთავრობისგან შემწეობა ეკუთვნოდათ. საინტერესოა, რატომ არ ასახეს ისინი უმუშევრობის ოფიციალურ მონაცემებში? შეუძლებელია ამდენი კაცი გასულიყო ქვეყნიდან, განსაკუთრებით ამ ვითარებაში. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ უმუშევრობისა და დასაქმების ოფიციალური სტატისტიკა გვაძლევს ძალიან დიდ ცდომილებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სტატისტიკური მონაცემების სიზუსტეს. ოფიციალური სტატისტიკა რეალობას, ფაქტობრივად, მოწყვეტილია. ამ შემთხვევაში მე ვლაპარაკობ მხოლოდ ოფიციალურად დასაქმებულ პირებზე, რომელთა შემოსავალიც ფიქსირდებოდა შემოსავლების სამსახურში, მაგრამ გასათვალისწინებელია არაფორმალური დასაქმების წილი, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ მაღალია.
თავად ოფიციალური სტატისტიკაც აღიარებს, რომ არასასოფლო-სამეურნეო სექტორში არაფორმალური დასაქმება დაახლოებით 35%-ს შეადგენს. იმ მოქალაქეებმაც ხომ დაკარგეს სამსახური, რომლებიც არსად აღირიცხებიან როგორც დასაქმებული, მაგრამ მუშაობდნენ და ჰქონდათ შემოსავალი, და მათი რაოდენობა უმუშევრობის თუ დასაქმების მაჩვენებლებში, ფაქტობრივად, არ არის ასახული. ისინი პანდემიის დროს უმუშევარი დარჩნენ და ვერც კომპენსაცია მიიღეს სახელმწიფოსგან. მათ შესახებ სახელმწიფოს არანაირი მონაცემი არ მოეპოვება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი არაფერს გვეუბნება. ეს 11,9% ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს ვერ ასახავს. ამიტომაც იყო, რომ ხელისუფლების საპროგნოზო მაჩვენებლები უმუშევრად დარჩენილებისა თუ კომპენსაციების მიმღებთა რაოდენობის შესახებ არასდროს ემთხვეოდა რეალურ მონაცემებს და საჭირო ხდებოდა ამ პროგრამების კორექტირება ან უარეს შემთხვევაში, ვიღაცები დახმარებას ვერ იღებდნენ. თუ რეალური სურათი არ იცი, ვერც დახმარების პროგრამა გექნება ეფექტური და ვერც მოსახლეობაზე კრიზისის ზეგავლენის შერბილებას შეძლებ. ანტიკრიზისულ პროგრამაში გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციების მიხედვით მთავრობამაც კი, სტატისტიკის სამსახურისგან განსხვავებით, უფრო მეტი უმუშევრად დარჩენილი მოქალაქე დათვალა.
სწორედ ხელისუფლების გათვლებს თუ დავეყრდნობით, გამოდის, უმუშევრობის მაჩვენებელი უნდა იყოს არა დაახლოებით 12%, როგორც "საქსტატი" გვეუბნება, არამედ 17,5-18%. მაგრამ, თუ რეალურად დავითვლით ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელს, გაცილებით მეტი იქნება. მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ - საქართველოში სოფლად მცხოვრებთა უმეტესობა უმუშევარია, ხოლო სტატისტიკის სამსახური მიწის მესაკუთრეს დასაქმებულად მიიჩნევს. კიდევ ერთი უცნაურობა - ასეთი "დასაქმებული" ჩვენთან ამავე დროს შესაძლოა სოციალურ შემწეობას იღებდეს.
გამოდის, კიდევ ერთი პარადოქსის, ღარიბი დასაქმებულების ქვეყანა ვართ". პაატა ბაირახტარი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი: "სტატისტიკის სამსახური ხშირად გვაწვდის ისეთ ინფორმაციას, რომელიც გასაოცარია. თუმცა მასაც აქვს თავისი სიმართლე, კერძოდ, ის მეთოდოლოგია, რომელსაც სხვადასხვა გათვლისას იყენებს და ამის დამსახურებაა, რომ ხშირად იძლევა შელამაზებულ სურათს. აკი არის კიდეც ერთი ცნობილი გამოთქმა ეკონომისტებში, "თუ ციფრებს საკმარისად ვაწვალებთ, მივიღებთ იმ მონაცემს, რომელიც თქვენ გჭირდებათ". თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ასახავს ეს მონაცემები ეკონომიკის რეალურ სურათს. ზუსტად ეს რეალობა გვაქვს ახლაც უმუშევრობის სტატისტიკაშიც. ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობის დონე მესამე კვარტალში, შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 0,7%-ით არის გაზრდილი. ახლა, როცა ჩვენი ეკონომიკის 30%-ზე მეტი გაჩერებულია, ეს რიცხვი სავსებით ლეგიტიმურად უჩენს კითხვის ნიშნებს არა მარტო ეკონომისტებს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც.
გავაანალიზოთ ის ოფიციალური და ინსაიდერული მონაცემები, რომლებიც დღეს ხელმისაწვდომია. ოფიციალურად, მესამე კვარტალში შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა მოსახლეობის საერთო რაოდენობის 60%-ს მცირედით აღემატებოდა. ახლა ჩავთვალოთ, რომ ეს მოქალაქეები სრულად იყვნენ დასაქმებული და მათ რიცხვს გამოვაკლოთ იმ სამუშაო ადგილების რაოდენობა, რომელიც დაიკარგა პირველი და მეორე ლოკდაუნების დროს. ეს რიცხვი საშუალოდ 400 000 აღწევს (არაოფიციალურად). გამოდის, ორივე ლოკდაუნის შედეგად უმუშევართა რაოდენობა არა 0,7%-ით, არამედ 18%-ზე მეტით გაზრდილა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება "საქსტატის" ოფიციალურ მონაცემებს. სხვაგვარად ვერც იქნებოდა - ჩვენ ორჯერ გავაჩერეთ თითქმის მთლიანი ეკონომიკა და თუ ვინმეს მართლაც ჰგონია, ეს მეორე ლოკდაუნი წერტილოვანია, გადახედოს, თუ იპოვის ბევრ განსხვავებას წინა და ახლანდელ შეზღუდვებს შორის.
ხელისუფლება და მასთან დამეგობრებული ექსპერტები შეზღუდვების გამართლებას ცდილობენ ევროპის ისეთ განვითარებულ ქვეყნებთან პარალელის გავლებით, როგორიც ბრიტანეთი ან საფრანგეთია. შევხედოთ მათ ეკონომიკურ სტრუქტურას და ჩვენსას შევადაროთ. ეკონომიკის ის დარგები, რომლებიც ჩვენთან გაჩერებულია, მშპ-ს ფორმირებაში 30%-ზე მეტს ქმნიან. შესაბამისად, ჩვენისთანა ქვეყნის ინდუსტრიულთან შედარება ცოტა არარელევანტურია. როცა სხვადასხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრზეა საუბარი, მაშინ რატომ არ ახსენდებათ განვითარებული ქვეყნები?! იმიტომ, რომ ჩვენ და ისინი ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა საფეხურზე ვართ. ჰოდა, იბადება კითხვა: ეკონომიკური შეზღუდვების პირდაპირ გადმოკოპირება რატომ ჰგონიათ სწორი და მიზანშეწონილი? ამ რეალობაში უმუშევრობის გაზრდა სავსებით მოსალოდნელი იყო და, სამწუხაროდ, ამას შელამაზებული სტატისტიკა ვერ შველის".
ნოდარ კაპანაძე, ეკონომიკის ექსპერტი:
"ასეთ დროს, ალბათ, უმჯობესია არა რაოდენობის, არამედ ტენდენციების გაანალიზება. ცოტა ხნის წინ "რონდელის ფონდის" ეგიდით სწორედ ამ მიმართულებით ჩავატარეთ კვლევა. მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი 12,3% იყო დადგენილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმების მიხედვით. შესაბამისად, ფორმალურად ეს მონაცემი რეალურია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმით, უმუშევრად ითვლება ის, ვისაც გამოკითხვისწინა ერთი კვირის განმავლობაში ერთი საათითაც არ უმუშავია ფულადი ან ნატურალური შემოსავლის მიღების მიზნით, მზად იყო მუშაობისთვის და ეძებდა სამუშაოს ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში. ამ კრიტერიუმის მიხედვითვე დასაქმებულად ითვლება ის ხალხიც, ვისაც ჰქონდა ისეთი სამუშაო, რომელსაც დროებით ვერ ასრულებს. ჩვენ ეს ე.წ. დროებითი უმუშევრებიც გამოვიკვლიეთ. ისინი, ვინც განაცხადა, რომ აქვთ სამსახური, მაგრამ მიზეზთა გამო დროებით ვერ მუშაობენ, თუმცა ფორმალურად დასაქმებულად ითვლებიან. მათი რაოდენობა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით, 42-დან 322 ათასამდე გაიზარდა, ანუ დაახლოებით 6,5-ჯერ. ეს ის ხალხია, ვინც უმუშევრად არ ითვლება, მაგრამ, ფაქტობრივად, უმუშევრები არიან.
როცა მათი გათვალისწინებით დავთვალეთ უმუშევრობის დონე, ანუ მათი ჩათვლით, ვინც ანტიპანდემიური შეზღუდვების გამო დროებით ვერ მუშაობს, 12,3%-ის ნაცვლად, უმუშევრობის 28,2%-იანი მაჩვენებელი მივიღეთ.
რომელია ამ ორიდან რეალური? პრინციპში, ორივე თავისი კრიტერიუმების შესაბამისად. ამიტომ ყოველთვის საჭიროა რამდენიმე დონეზე უფრო სიღრმისეული ანალიზი. მაგალითად ამავე ფონდის კიდევ ერთ კვლევას მოგიყვანთ. 2016 წელს ჩავატარეთ სტრუქტურული უმუშევრობისა და უმუშევრობის სტრუქტურის კვლევა და აღმოჩნდა, რომ თუ არასრულ დასაქმებას, ფარულ უმუშევრობასა და კვალიფიკაციის შეუსაბამო დასაქმებასაც დავითვლით, უმუშევრობის დონე ქვეყანაში 30-35%-მდეც ადის. ასე რომ, რას დაარქმევ უმუშევრობას, ეს არის მთავარი".
წყარო: „კვირის პალიტრა"