ბიტკოინის ფასმა 37 ათას დოლარს გადააჭარბა.
CoinDesk-ის ინფორმაციით, კრიპტივალუტების ბირჟაზე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ციფრული ვალუტის ფასი მორიგ ჯერზე გაიზარდა და 37,168 დოლარი შეადგინა. ამით კრიპტოვალუტის ფასმა მორიგ ჯერზე გააუმჯობესა ისტორიული მაქსიმუმი.
საქართველოში კრიპტოვალუტის მწარმოებელია „ბი ეფ დი სი“ (Bitfury), რომელიც საქართველოში 2015 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილი ნიდერლანდებში რეგისტრირებულ „ბითფური ჰოლდინგ ბი ვის“ ეკუთვნის.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები. თუმცა, როგორც 2019 წლის ფინანსური ანგარიშგება კომპანიას ჯერ არ აქვს გამოქვეყნებული, შესაბამისად, გთავაზობთ მონაცემებს 2018 წლის კონსოლიდირებული ანგარიშგებიდან. (ანგარიშგება მოიცავს ასევე შვილობილი კომპანიის „დი სი ჯორჯიას“ მონაცემებსაც).
როგორც დოკუმენტაციიდან ირკევა, კრიპტოვალუტის მწარმოებელი კომპანია საქართველოში 2018 წლის 86,128 მლნ დოლარის აქტივებს ფლობდა. ამასთან, 2018 წელს კომპანიამ გაყიდვებიდან 38,616 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, მათ შორის 36,609 მლნ დოლარი მონაცემთა დამუშავების ცენტრის ჰოსტინგის მომსახურებიდან. რაც შეეხება გაყიდული საქონლის თვითღირეულებას - 34,985 მლნ აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, საერთო მოგებამ (სხვაობა გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალსა და თვითღირებულებას შორის) 3,631 მლნ დოლარი, ხოლო წმინდა მოგებამ - 1,872 მლნ დოლარი შეადგინა.
ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანიას 2018 წელს დასაქმებული ყავდა 159 ადამიანი.