პოლიტიკიდან წასვლამდე ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონების ნაწილი ფონდ „ქართუს“ საკუთრებაში გადასცა.
საუბარია, იმ ბიზნესებსა და ქონებაზე, რომელსაც ივანიშვილი ოფშორული კომპანიების მეშვეობით ფლობდა. მფლობელების ცვლილება კომპანიებში ძირითადად გასული წლის მიწურულს დაფიქსირდა რეესტრში. ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ბალანსზე ჯამში 26 ობიექტი გადააფორმა, 2 ობიექტი კი გადაფორმების პროცესშია.
მათ შორის, ფონდ „ქართუს“ 100%-იან საკუთრებაში გადავიდა „ტურიზმის განვითარების ფონდი. ფონდის პროექტებს შორისაა მათ შორის, "პარაგრაფ რიზორტი და სპა შეკვეთილში", ასევე სასტუმრო "პარაგრაფი აბასთუმანში"; სასტუმრო სიღნაღში; გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსი მწვანე კონცხზე; სასტუმრო განმუხურში; სასტუმრო და საოფისე შენობა ერეკლეს მოედანზე; სასტუმრო და გოლფ კლუბი თაბორზე; სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრი სოლოლაკში; სასტუმრო თავისუფლების მოედანზე. გარდა ამისა, 2020 წლის მიწურულს ფონდ ქართუს საკუთრებაში გადავიდა: ივანიშვილის კუთვნილებაში არსებული სამშენებლო და საინჟინრო კომპანიები შპს “ელიტა ბურჯი” და “ბურჯი“. ასევე ფონდის საკუთრებაში გადავიდა - შპს „ბიზნეს ცენტრი“, შპს „სი ვიუ რესორთ“, შპს „ლაგუნა ვერე“.
აღსანიშნავია, რომ ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელი არის „ქართუ ჯგუფი“.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია ფონდის ფინანსური მაჩვენებლები. თუმცა ინდივიდუალურად ანგარიშგება ფონდს გამოქვეყნებული არ აქვს. მაგრამ მის შესახებ მონაცემების ნახვა შესაძლებელია, „ქართუ ჯგუფის“ კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში. ქართუ ჯგუფს 2019 წლის მონაცემები ჯერ არ აქვს გამოქვეყნებული შესაბამისად, გთავაზობთ იმ ინფორმაციას, რაც ფონდის შესახებ ჯგუფის 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში იყო მითითებული.
როგორც „ქართუ ჯგუფის“ ანგარიშგებიდან ირკვევა, „ფონდი ქართუ“ 1995 წელს დაარსდა. დოკუმენტის თანახმად, ფონდის ერთადერთ დამფუძნებელს წარმოადგენს სს „ქართუ ჯგუფი“. ამასთან, როგორც ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჯგუფი, ფონდის შედეგების კონსოლიდირებას არ ახდენს, არის ის, რომ მისი ფუნქციონირების მიზანი არ არის მოგების გამომუშავება.
2018 წლის ბოლოს ფონდის მიერ მიღებული დაფინანსება იყო 92,499 მლნ ლარი; ხოლო გაცემული დაფინანსება და ხარჯები - 144,209 მლნ ლარს შეადგენდა. აქედან, საქველმოქმედო დონაციები 142,385 მლნ ლარი იყო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ფონდის აქტივები 1,620 მლნ ლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ტოვებს პოლიტიკურ პატრია „ქართულ ოცნებას“ და მიდის პოლიტიკიდან.