რა ღირს ელექტროენერგია საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი უკვე გაიზარდა, ფასის მატებას გეგმავს სომხეთი და რუსეთიც, აზერბაჯანი კი სამომავლოდ დღის და ღამის ტარიფზე გადასასვლელად ემზადება. ტარიფის გაანგარიშება კი ყველა ქვეყანაში განსხვავებულია - საქართველოში დენის საფეხურეობრივი ტარიფი მოქმედებს, სომხეთში დღის და ღამის ტარიფით იანგარიშება დენის გადასახადი, რუსეთში კი მოსახლეობის სააბონენტო გადასახადი იმის მიხედვით დგინდება, აქვს თუ არა მომხმარებელს სახლში გაზი.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა პრონციპით ანგარიშდება დენის ტარიფი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში.

საქართველო

საქართველოში საფეხურეობრივი ტარიფი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს - ხარჯავ მეტს, იხდი მეტს. რაც შეეხება ტარიფებს, ის 2021 წლის იანვრიდან გაიზარდა. თბილისში კომპანია „თელასის“ აბონენტთათვის ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მოხმარების საფასური 3.497 თეთრით გაიზარდა. მოქალაქეები, რომლებიც 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ.სთ-ზე 14.544-ის ნაცვლად, 18.041 თეთრს გადაიხდიან , 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-მდე 18.556 თეთრის ნაცვლად 22.053 თეთრს, ხოლო 301 კვტ.სთ-დან ზემოთ 23.040 თეთრის ნაცვლად 26.537 თეთრს.

რაც შეეხება რეგიონებს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის დენის საფასური 3.494 თეთრით გაიზარდა. მოქალაქეები, რომლებიც 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ.სთ-ზე 14.237-ის ნაცვლად, 17.731 თეთრს გადაიხდიან (დღგ-ის ჩათვლით), 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-მდე 18.213 თეთრის ნაცვლად 21.707 თეთრს, ხოლო 301 კვტ.სთ-დან ზემოთ 22.733 თეთრის ნაცვლად 26.227 თეთრს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აბონენტებს, რომლებიც 300 კვტ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, მთავრობა 2021 წელს მოქმედ და გაზრდილ ტარიფებს შორის სხვაობას სრულად დაუფარავს. საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს მთავრობა 2021 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის 50%-ს დაუსუბსიდირებს.

რუსეთი

რუსეთის მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდას 2021 წლის ივლისიდან 5% -ით გეგმავს. 2021 წლის პირველ ნახევარში მოსკოვის რეგიონში ელექტროენერგიის საფასური არ შეიცვლება.

2021 წლის მეორე ნახევარში ელექტროენერგიის ტარიფი იმ მოსახლეობისთვის, რომლებსაც სახლში გაზი უდგას, 3,5% -ით ანუ 20 კაპიკით გაიზრდება და 5,93 რუბლს (0.26 ლარი) / კვტ / სთ გაუტოლდება.

სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 2021 წლის მეორე ნახევარში 14 კაპიკით გაიზრდება და კვტ. საათი 4,15 რუბლი (0.18 ლარი) გახდება.

მოსახლეობისთვის, რომელიც ელექტრო ღუმელებით სარგებლობს, ელექტროენერგიის ტარიფი 2021 წლის მეორე ნახევარში 4.29 რუბლი (0.19 ლარი) გახდება.

2021 წლის 1-ლი ივლისიდან ასევე გაიზრდება დღის ზონების მიხედვით დიფერენცირებული ტარიფები.

სამზონიანი მრიცხველის გამოყენებისას, გაზქურების მფლობელებისთვის ღამის ტარიფი იქნება 2.65 რუბლი (0.12 ლარი) კვტ / სთ - ზე. ელექტრო ღუმელების მფლობელებისთვის 1.91 რუბლი (0.08 ლარი)/ კვტ * სთ, ხოლო სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მხოლოდ 1.85 რუბლი. (0.08 ლარზე ნაკლები).

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში მოსახლეობისთვის კატეგორიის აბონენტებისთვის დაწესებულია ორი ტარიფი - ერთი კილოვატსაათი 0,07 მანათი (0.14 ლარი) და 0,11 მანათი (0.21 ლარი) იმ აბონენტებისთვის, რომლებიც საბაზისო ლიმიტს - თვეში 300 კვტ საათს გადააჭარბებენ.

აზერბაიჯანის სატარიფო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ელექტროენერგიის შეღავათიანი პაკეტი იმ მომხმარებელს ეკუთვის, რომელიც თვიურ ლიმიტს, 300 კილოვატ საათს არ გადააცილებს. ლიმიტის გადაცილების შემთხვევაში ერთი კილოვატსაათი 0.11 მანათამდე (0.21 ლარი) იზრდება.

თუმცა, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, მოსახლეობისთვის შეღავათიანი მოხმარების ლიმიტი 100 კილოვატ საათით- თვეში 400 კილოვატ საათამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან აზერბაიჯანში ელექტროენერგიის დღის და ღამის ტარიფების შემოღება იგეგმება. საკითხზე მთავრობაში უკვე მიმდინარეობს დისკუსიები.

პროექტი, რომელიც ენერგეტიკის სამინისტრომ შეადგინა კომუნალური (ელექტროენერგია, გათბობა, წყალი და გაზი), გადაეგზავნა შესაბამის სამთავრობო უწყებებს. პროექტის თანახმად, ელექტროენერგია იქნება შედარებით ძვირი პიკის საათებში, ხოლო შედარებით იაფი ღამის საათებში.

სომხეთი

სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების (PSRC) მარეგულირებლის ინფორმაციით, 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან ელექტროენერგიის ტარიფები გაიზრდება. საშუალოდ კვტ / საათს 2.27 სომხური დრამი (0.016 ლარი) დაემატება (დღგ ჩათვლით).

შეღავათები გავრცელდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და მოქალაქეებისთვის, რომლებიც თვეში 400 კვტ / სთ ელექტროენერგიას მოიხმარენ.

სომხეთში ელექტროენერგიის ტარიფი მოსახლეობისთვის დღის განმავლობაში არის 44,98 დრამი (0.31 ლარი) 1 კვტ / სთ საათზე. ხოლო 34,98 დრამი (0.24 ლარი) ღამით.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უფრო დაბალი ტარიფებია: დღე - 29,9 დრამი (0.21 ლარი), ღამე - 19,9 დრამი (0.14 ლარი) 1 კვტ / სთ-ზე.

თურქეთი

თირქეთში ელექტროენერგიის საფასური ძვირია. კილოვატსაათის ფასი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია და 0,71 ლირადან (0.32 ლარი) 0,90 ლირამდე (0.41 ლარი) მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში თვეში ერთხელ ხდება მრიცხველის ჩვეების დაფიქსირება, რომელიც დამონტაჟებულია საცხოვრებელი კომპლექსის საერთო ტერიტორიაზე. ინვოისში მითითებულია გადახდის თარიღი.

დავალიანების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლები ელექტროენერგიას თიშავენ. დენის აღდგენის შემთხვევაში დამატებით გადასახდელია 20 ლირა (9.00 ლარი) გათიშვისა და შეერთებისთვის.

თეონა რამაზაშვილი