გაზრდილი მოთხოვნა საღამოს კაბებზე და საერთო ჯამში 15%-მდე შემცირებული ექსპორტი - ასეთი იყო ანუკი არეშიძის ბრენდისთვის ANOUKI 2020 წელი. მიუხედავად პანდემიისა, ბრენდმა უცხოეთში კიდევ ერთი ახალი სივრცე გახსნა, ამჯერად დუბაიში და ჯამში იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ANOUKI-ს ნაწარმი იყიდება, 20-მდე გაიზარდა.
ანუკი არეშიძის ბრენდის სივრცე დუბაიში, Galeries Lafayette-ს სავაჭრო ცენტრში სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. როგორ ,,ბიზნესპრესნიუსს“ ANOUKI-ს (ანუკი არეშიძის) ბრენდის გენერალურმა მენეჯერმა, ნინა ჭაბუკიანმა განუცხადა, პანდემიის პირობებში ექსპორტი მხოლოდ 10-15%-ით არის შემცირებული. მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული მთავარი რთული ეტაპი კომპანიამ უკვე გადალახა.
,,პანდემიას გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა ჰქონდა ექსპორტის მიმართულებით, თუმცა ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ძირითადი მძიმე ეტაპი გავიარეთ და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას და კოლექციების შექმნას. უხეშად რომ გითხრათ, რეალიზაციამ ჯამში ექსპორტის კუთხით 10-15 %-ით დაიკლო.
ANOUKI ორიენტირებულია ექსპორტზე, შესაბამისად, უკვე საკმაოდ დიდი ხანია ბრენდი თანამშრომლობს ისეთ ტოპ მაღაზიებთან, როგორებიცაა Farfetch, Browns Fashion, Luisa Via Roma, Moda operandi Revolve, Harvey Nicoles, Galerie lafayette და ა.შ. ჩვენი ტანსაცმლის შეძენა შესაძლებელია 20-მდე ქვეყნის წამყვან მაღაზიებში”, - აცხადებს ნინა ჭაბუკიანი.
,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, შეიცვალა თუ არა ტენდენცია და რა ტიპის სამოსია უფრო მოთხოვნადი მსოფლიოში მასშტაბური ლოქდაუნების დროს.
,,მოთხოვნა გლობალურად არ შეცვლილა, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უფრო მეტად გაიზარდა გამოსასვლელ კაბებსა და საღამოს სამოსზე, რაც იმით აიხსნება, რომ ხალხს მოენატრა დღესასწაული და უფრო გაუმძაფრდათ სურვილი, გამოიყურებოდნენ სადღესასწაულო ელფერით, დახვეწილად და ელეგანტურად“- განაცხადა ANOUKI-ს გენერალურმა მენეჯერმა.
ცნობისთვის, ANOUKI არის ქალის ტანსაცმლის, ფეხსაცმელისა და აქსესუარების ბრენდი, რომელიც დაფუძნებულია (და იწარმოება) თბილისში, საქართველოში 2013 წლიდან. ბრენდის დამფუძნებელია ანუკი არეშიძე, თბილისის მერის მეუღლე.