ვინ აშენებს და როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობაც 35,7 მლნ ჯდება (+ფოტო)

თემქის ხევის ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე სკეიტპარკი, სარბენი, სასეირნო და ველობილიკები, ასევე, სპორტული და საბავშვო მოედნები განთავსდება. ტერიტორიაზე მოეწყობა კაფე, მედიათეკა, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე და ურბანული მებაღეობის ზონა. ამასთან, პარკში მოეწყობა ორი ხელოვნური ტბა, რომელსაც ერთმანეთთან მდინარე დააკავშირებს. ასევე, განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ამ ეტაპზე, დაჭაობებული გრუნტის გამოცვლა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულება კი 2022 წლის დეკემბრისთვის იგეგმება.

ცნობისთვის, ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა „ენსისი“ და „საბა კონსტრაქშენი“, თუმცა, როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, „ენსისს“ დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ხოლო „საბა კონსტრაქშენი“ გამარჯვებულად გამოვლინდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 44 636 970 ლარს შეადგენდა, თუმცა, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადების თანახმად, პარკის მოწყობა 35 709 577 ლარი დაჯდება. გამარჯვებული კომპანიის მფლობელი - შპს „საბა ინვესტია“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც სლავა შერაზადიშვილია.

temqa3.png

temqa.png

temqa1.png

temqa4.png

temqa5.png

temqa6.png

temqa7.png

temqa8.png

თაია არდოტელი