თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს, საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, თუმცა მიმართულებების დიდ ნაწილზე გაზრდილი ტარიფებით.
დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე ,,ბიზესპერესნიუსთან“ ამბობს, რომ მგზავრობა მხოლოდ შორ მიმართულებებზე და ისიც, მძღოლების მოთხოვნით გაძვირდა. ზრდა კი 10%-ის ფარგლებში მოხდა.
,,მგზავრობის ღირებულება ნამდვილად მომატებულია რიგ მიმართულებებზე, მძღოლების მოთხოვნით. ყველა გაზრდილი ტარიფი შორ რეისებზეა. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ავტოსადგური, რომელიც ვემსახურებით მგზავრთა გადამყვანებს. ამიტომაც, ვითვალისწინებთ მათ პოზიციას. მატება 10%-ს არ ასცდენია არცერთ მიმართულებაზე.
რაც შეეხება თბილისთან ახლო მდებარე რაიონებსა და სოფლებს, მათ უცვლელად დატოვეს ტარიფი. მიზეზად კი დაასახელეს, რომ თუ ფასს გაზრდიან, კონკურენციაში ვერ შევლენ ე.წ. ხიშნიკებთან, რომლებიც მრავლად დგანან ავტოსადგურის მიმდებარედ. ამიტომ ზარალობენ თვითონაც და ჩვენც, ავტოსადგურის ადმინისტრაციაც, მაგრამ მათი თქმით, სხვა გზა არ არის. ინარჩუნებენ არსებულ ფასს“- აცხადებს მიქატაძე.
მიუხედავად, ოფიციალურად გაცხადებული პოზიციისა, ,,ბიზნესპრენიუსის“ ინფორმაციით, 50 თეთრით არის გაზრდილი თბილისი-მუხრანის მარშრუტიც.
რაც შეეხება შორს მიმართულებებს, დიდუბის ავტოსადგურიდან მგზავრობის ტარიფები ასე გამოიყურება:
თბილისი-ქუთაისი, თბილისი-თერჯოლა, თბილისი- ხონი, თბილისი-ზესტაფონის მიმართულებებზე ტარიფი 15 ლარამდე გაიზარდა. თბილისი-ზუგდიდი, თბილისი- სენაკი, თბილისი-აბაშა, თბილისი-მარტვილის მიმართულებებზე 20 ლარამდე. ხოლო, თბილისი საჩხერის 12 ლარამდე. ფასის ზრდა 3-5 ლარის ფარგლებში მერყეობს სხვადასხვა მიმართულებებზე.