მთავრობა ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებას იწყებს.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც გეგმაზე უახლოესი 3 თვის განმავლობაში იმუშავებს და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს. კომისიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი, პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები და ასევე მიწვეული მაღალი დონის ექსპერტები. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეს იქნება სექტორული განვითარების სამოქმედო დოკუმენტი, რომელმაც ეკონომიკის სწრაფ აღდგენას უნდა შეუწყოს ხელი.
სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი:
- სწორედ პანდემიამ უბიძგა ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც, გაეცნობიერებინათ, რომ სახელმწიფომ უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის მართვაში, ეკონომიკური პროცესების გაძღოლაში. ეს არ ნიშნავს სოციალურ საწყისებზე დაბრუნებას, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებასა და სახელმწიფოს იმდენად დიდი, გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ უწევს რესურსების მობილიზება და გამოყენება, რომ აუცილებელია არსებობდეს ერთიანი ხედვა, აუცილებელია სტრატეგიის შემუშავება, რომელიც, თავის მხრივ, უნდა დაიყოს კონკრეტულ შესასრულებელ ამოცანებად. შემდეგ კი საჭიროა საზოგადოების კონსენსუსი, რათა საზოგადოებაში არსებული რესურსები რაც შეიძლება რაციონალურად და მიზნობრივად იქნეს გამოყენებული. ხედვაა საჭირო, რა გვინდა, რისთვის, საით მივდივართ და როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. შუა საუკუნეებში, იალქნიანი ფლოტის პერიოდში, ხატოვანი გამოთქმა არსებობდა, რომ გემისთვის, რომელსაც დანიშნულების პორტი არა აქვს განსაზღვრული, ზურგის ქარი არ არსებობსო. ჩვენც უნდა გვქონდეს დასახული მიზანი, რათა იქით წავიდეთ და სწორედ იქით მივმართოთ ჩვენი ეროვნული ენერგია. მართალია, გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ და საქართველოც ჩართულია ამ პროცესში, მაგრამ არავის უარუყვია ეროვნული თვითმყოფადობის, ერის ინტერესების დაცვა, ეროვნული უსაფრთხოება და მისი სხვადასხვა კომპონენტი, იქნება ეს სასურსათო უსაფრთხოება, ენერგეტიკული თუ ნებისმიერი სხვა.
სიტყვა "პოლიტიკა" მრავლისმომცველია და გულისხმობს ეკონომიკასაც, ეკოლოგიასაც, სოფლის მეურნეობასაც და კიდევ ბევრ სხვა მიმართულებას. ამიტომ, როცა ვამბობთ, რომ 2024 წელს ჩვენ ევროკავშირის კარზე დავაკაკუნებთ, ეს ლამაზი და ხატოვანი გამოთქმაა, მარტო დაკაკუნება არ შველის საქმეს და განსაზღვრულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ. ევროკავშირში წევრობის ინდიკატორებია უპირველესად ცხოვრების დონე, მისი ხარისხი და სამართლებრივი ასპექტები.
- თუნდაც ცხოვრების დონითა და ხარისხით სად ვართ ახლა?
- გლობალურად თუ განვიხილავთ, ეკონომიკური განვითარების დონით მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს 10%-ით ჩამოვრჩებით.სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთელი დოვლათი, რაც კი იქმნება გლობალურად მსოფლიოში, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობაზე რომ გავყოთ, საქართველოს მაჩვენებელი ამ საშუალოს დაახლოებით 10%-ით ჩამორჩება. მსგავსი ჩამორჩენა გვაქვს ენერგეტიკაში და ხედავთ, რომ გრძელდება საპროტესტო აქციები და ვნებათაღელვა ჰესების გამო. არადა, დასაბუთებულია, რომ სწორედ ის ეკონომიკაა წინ წასული, სადაც მაღალია ენერგიის მოხმარება და ეკონომიკურ ზრდასა და ენერგეტიკული რესურსების გამოყენებას შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი კორელაცია არსებობს.
გამონაკლისები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგალითად, ოკუპირებული აფხაზეთის მაგალითზე, სადაც ეკონომიკური ცხოვრების დონე ენგურს აქეთა საქართველოზე გაცილებით დაბალია, მაგრამ დენს მეტს მოიხმარენ, თუმცა ეს ცალკეული ანომალიებია. თუ გლობალური მასშტაბით შევხედავთ, რაც უფრო მაღალია ენერგიის მოხმარება, მით უფრო მაღალია ქვეყანაში ცხოვრების დონე. მაგალითად, დამატებით ყოველი 100 კილოვატ/საათი დენის მოხმარება შეესაბამება დაახლოებით 800-850 დოლარით სულადობრივი მოხმარების ზრდას. ამიტომ, თუ გვაქვს ევროკავშირის წევრობის ამბიცია, ევროკავშირის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეც რომ გავიდეთ, ჩვენი ენერგეტიკული სიმძლავრეები თითქმის ორჯერ უნდა გავზარდოთ.
იმის გათვალისწინებით კი, რა ჯდება 1 კილოვატი სიმძლავრის ექსპლუატაციაში შეყვანა, ეს დაახლოებით 8-9 მილიარდ დოლარამდე თანხის მობილიზებას საჭიროებს, რაც რვაჯერ მეტია, ვიდრე რიკოთის უღელტეხილზე ახალი ავტობანის მშენებლობისთვის საჭირო თანხა. ფაქტია, მხოლოდ შიდა რესურსებით ენერგოგანვითარებას ვერ შევძლებთ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მხოლოდ შიდა რესურსების მობილიზებისას ეს პროცესი ისე გაიწელება, როცა ევროკავშირის დაბალ მაჩვენებელზე გავალთ, ვგულისხმობ მოსახლეობის ერთ სულზე ელექტროენერგიის წარმოების დაახლოებით ორჯერ ზრდას, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჩვენზე კიდევ ბევრად წინ იქნებიან. მაგალითად, ბულგარეთს 12-ჯერ ჩამოვრჩებით ეკონომიკური განვითარების დონით და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, იმის გარანტიას არავინ მოგვცემს, რომ ბულგარეთი "გაჩერდება და დაგველოდება", როდის დავეწევით, რომ შემდეგ ხელიხელჩაჭიდებულმა ვიაროთ წინ. ამიტომ ჩვენ გვინდა გაცილებით მეტი დინამიზმი, ეს კი ითხოვს სწორ მენეჯმენტს სახელმწიფოებრივ დონეზე და რესურსების ყაირათიან გამოყენებას, რასაც სჭირდება ერთიანი ხედვა, სტრატეგია და სწორედ ამის განაცხადია წამოსული მთავრობიდან, რაც მისასალმებელია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ ნიშნავს თითქოს ჩვენ ვუბრუნდებით სოციალისტური დაგეგმვის პრინციპებს, თუმცა მთავრობების სარეკომენდაციო ღონისძიებებს ბევრი ქვეყანა მიმართავს და საფრანგეთი ამის კლასიკური მაგალითია. მოხდება შესაბამისი დარგების კვალიფიციური სპეციალისტების მობილიზება ამ გეგმის შესამუშავებლად, ჩვენ ამას შევძლებთ.
- ამ ეკონომიკური განვითარების გეგმის მიზანიც ის იქნება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველაზე დაბალ ეკონომიკურ მაჩვენებელზე მაინც გავიდეთ?
- იქ მხოლოდ ეკონომიკური განვითარება არ იგულისხმება, მნიშვნელოვანია ცხოვრების წესსა და იმ ფასეულობებზე ორიენტაცია, რაც აკავშირებს ერთმანეთთან ევროპულ ოჯახს. მაგალითად, შვეიცარია დღემდე არ არის ევროკავშირის წევრი და მხოლოდ 15 წელიწადია, რაც გაეროს წევრი გახდა. ამიტომ ფასეულობათა სისტემა მნიშვნელოვანია და ამაში იგულისხმება სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და სხვ.
რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარების დონეს, რატომ უნდა ავიღოთ სამიზნედ ყველაზე დაბალი ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების დონის ქვეყანა ევროკავშირში? მას ჰყავს ძველი წევრებიც და შედარებით ახალი წევრი სახელმწიფოებიც. ჩვენც ავიღოთ ორიენტაცია საშუალო-ევროპულ დონეზე, რადგან გვაქვს ამის რესურსები და პოტენციალი.
ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი კომპონენტია სასურსათო უსაფრთხოება. სირცხვილია, რომ ამ მიმართულებით ჩვენ დიდი ჩამორჩენა გვაქვს.
2013 წლიდან დღემდე საშუალოდ ყოველწლიურად 400 მილიონი დოლარის უარყოფითი სალდო გვაქვს მხოლოდ აგროსასურსათო პროდუქციასთან დაკავშირებით. ყოველწლიურად ქვეყანაში 110 მილიონ დოლარამდე ღირებულების ხორცი და ხორცპროდუქტები შემოგვაქვს,ერთი ამდენივე მარცვლეული და სხვა. რატომ არ უნდა დავისახოთ მიზნად, რომ ხორბლის უზრუნველყოფის მაჩვენებელი ამჟამინდელი 15%-დან გავზარდოთ 40%-მდე, როგორც მეზობელ სომხეთშია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამით უზარმაზარ სავალუტო რეზერვებს დავზოგავთ. თუ შევძლებთ, რომ ყოველწლიურად დამატებით 200-300 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია უცხოეთიდან კი არ შემოვიტანოთ, არამედ ადგილობრივად ვაწარმოოთ, ეს თანხა დაიზოგება და მოხმარდება ეროვნული ვალუტის სიმყარეს, შევქმნით მეტ სამუშაო ადგილს. თუ შევძლებთ, რომ ეკონომიკას, მის რეალურ სექტორს მივცეთ დამატებითი იმპულსი, ეს მულტიპლიკატორული ეფექტით გადაეცემა სხვა დარგებსაც, მათ შორის ტურისტულ სექტორს, გამოიწვევს მეტ აქტიურობას, მეტ ეკონომიკურ შედეგს და ჩვენი ეროვნული ვალუტაც არ იქნება ხელოვნური სუნთქვის რეჟიმზე გადასაყვანი.
ეროვნულ ბანკს ვუთვლით, რამდენი მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად ვალუტის კურსის შესანარჩუნებლად სავალუტო აუქციონზე, მაგრამ ეს იმასთან შედარებით არაფერია, რასაც ჩვენ ვხარჯავთ უარყოფითი სავაჭრო ბალანსის გამო. გავიძახით, გეორგიანელები, მიწათმოქმედთა შთამომავლები ვართო და 2000 წლიდან დღემდე - არ შეგეშინდეთ, ისეთ ციფრს დაგისახელებთ - უარყოფითმა სალდომ აგროსასურსათო პროდუქციის გატანასა და შემოტანას შორის დაახლოებით 11,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ამიტომ ეკონომიკურ პროგრამაში თუ ღონისძიებათა გეგმაში უნდა დავისახოთ მიზნად, რომ ეს სალდო თანდათანობით შევამციროთ და დადებით მაჩვენებელზე გავიდეთ.
- ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ეკონომიკური დარგის განვითარებისთვის ხელისუფლებამ შესაძლოა პროტექციონისტული პოლიტიკა წარმართოს?
- არა მარტო პროტექციონისტული... პროტექციონისტული პოლიტიკა ნიშნავს დამატებითი ბარიერების შექმნას იმპორტირებული პროდუქციის შემოტანისთვის. ჩვენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვართ და ამ მიმართულებით დიდი მანევრის შესაძლებლობა არა გვაქვს. შეიძლება სხვა შესაძლებლობის გამოყენება, მათ შორის ბიზნესის წახალისება. დიდი პოტენციალი აქვს საქართველოში მაღალმთიან რეგიონებს. "მთის კანონმა" ხელი კი შეუწყო მოსახლეობის მიგრაციის შემცირებას, მაგრამ არ შეიცავს დამატებით სტიმულებს, რათა ხალხი მასობრივად დაუბრუნდეს წინაპართა საცხოვრისს. განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთზე გავამახვილებდი ყურადღებას, რადგან ჩვენი ტერიტორიის ნაწილი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ მხარეს არის და მის მიმართ რუსეთის ინტერესი განსაკუთრებულია.
რესურსები ქვეყანაში ძალიან არაპროპორციულად არის განაწილებული. თბილისთან შედარებით დანარჩენ საქართველოში ბიზნესის ბრუნვა მოსახლეობის ერთ სულზე მხოლოდ 14%-ია, რაჭა-ლეჩხუმში კი მხოლოდ 5%, ანუ თბილისთან შედარებით 20-ჯერ ნაკლებია ბრუნვის სიდიდე.
უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ ბიზნესის წარმოება წახალისებული იყოს რეგიონშიც და თბილისი ეკონომიკურ თავკომბალას არ დაემსგავსოს. ეს მოგცემს საშუალებას მეტ-ნაკლებად თანაბრად განვავითაროთ რეგიონები, შესაბამისად, ცხოვრების დონეც გავაუმჯობესოთ, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და ადამიანებმა გერმანიაში კი არ ეძებონ დასაქმების პერსპექტივა, არამედ სახლის ახლოს და კომფორტულ ვითარებაში. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფოც იმისთვის გვინდა, რომ მისმა მოქალაქეებმა თავი ყველაზე კომფორტულად, დაცულად და ეკონომიკურად ღირსეულად თავის ქვეყანაში იგრძნონ. სახელმწიფოს სტრატეგია და პოლიტიკა ამ მიმართულებით უნდა იყოს წარმართული.
- ითქვა, რომ ეკონომიკური განვითარების გეგმაზე იმუშავებს სახელმწიფო კომისია და მასში ჩართული იქნებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები...
- ყველა უნდა იყოს ჩართული, ვისაც ამის უნარი, კომპეტენცია და ინტელექტი აქვს. წევრები არ უნდა იყვნენ მხოლოდ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. ქვეყანას ჰყავს ძალიან კარგი სპეციალისტები ყველა სფეროში და უნდა მოუსმინონ მათ აზრსაც. დარგობრივ თუ რეგიონულ ეკონომიკას ჰყავს თავისი ავტორიტეტები. ქართული ანდაზაა: ერთი სულელია, ორი უფრო ჭკვიანიო, ამიტომ მოვუსმინოთ ჭკვიან ხალხს და მათი აზრი სასურველ და სასარგებლო შედეგს მოგვიტანს აუცილებლად.
წყარო: „კვირის პალიტრა"