საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართველ ხალხს ულოცავს დედაენის დღეს და რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებას ავრცელებს:
„1978 წლის 14 აპრილმა საბჭოთა სინამდვილეში საქართველოს უახლესი ისტორიის სრულიად განსაკუთრებული ფურცელი გადაშალა. New York Times-მა 18 აპრილს გამოაქვეყნა სტატია - „საბჭოთა ქართველებმა გაიმარჯვეს ენის საკითხზე“, რომელშიც ნათქვამია, რომ საბჭოთა ხელისუფლება მისთვის უჩვეული დათმობაზე წავიდა და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.
43 წლის წინ, 14 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამოსული ათასობით ადამიანი წინ აღუდგა ქართული ენის ხელყოფას, სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევის განზრახვას.
ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, სტუდენტებმა 14 აპრილს მშობლიური ენა გადაარჩინეს!
საამაყოა, რომ ქართული ენის დამცველთა რიგებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, იმჟამინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
ქართული ენის დაცვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვას ნიშნავს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ეროვნული სიწმინდეების დამცველი.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ქართული ენის ტექნოლოგიზების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, რომელიც ციფრულ ეოქაში საქართველოს სახელმწიფო ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის მიზნით მრავალი წელია ამუშავებს გრძელვადიან პროექტებს „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ და „აფხაზური ენის სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის გეგმა-პროგრამა“ .
საბედნიეროდ, ჩვენს მშობლიურ ენას, მის სახელმწიებრივ სტატუს საფრთხე აღარ ემუქრება.
ჩვენი ვალია დავაფასოთ, მოვუფრთხილდეთ, შევინარჩუნოთ ენის სიწმინდე, დამწერლობა, რომელიც მსოფლიოს 14 ანბანთაგან ერთ-ერთი უძველესი და უნიკალურია. გილოცავთ დედა ენის დღეს!“ - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებაში.