კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკორდულ ნიშნულზეა. 2021 წლის მარტში ამ მაჩვენებელმა 166,324 მლნ ლარი შეადგინა. ერთ თვეში ასეთი მაღალი მოგება კომერციულ ბანკებს ფაქტობრივად, არ ჰქონიათ. ამაზე ოდნავ ნაკლები მოგება ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერში მიიღეს - 166,189 მლნ ლარი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქეყნებული სტატისტიკის მიხედვით, რთული 2020 წლის შემდეგ, 2021 წელი კომერციული ბანკებისთვის შედარებით წარმატებული აღმოჩნდა. წლის პირველ თვეს ბანკების წმინდა მოგება 113,368 მლნ ლარი იყო, თებერვალში - 132,115 მლნ ლარი, მარტში კი 166,324 მლნ ლარი.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მარტში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 473,140 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 380,629 მლნ ლარი. მარტში კომერციული ბანკების ხარჯებმა 300,248 მლნ ლარი შეადგინა.
ამასთან, ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 8,483 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 27,938 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 37,619 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 99,262 მლნ ლარი შეადგინა. ეს იყო მოგების ყველაზე მცირე მაჩვენებელი, რაც ბანკებს ბოლო წლებში ჰქონდათ მიღებული. ამის მიზეზი კი, კორონავირუსის პანდემიის პირველი თვე იყო, როდესაც ბანკებს სესხების მასობრივი გადავადება მოუწიათ. შესაბამისად, 2020 წლის მარტში ბანკები 943,130 მლნ-იან ზარალზე გავიდნენ. თუმცა მას შემდეგ, კომერციული ბანკები წაგებაზე არ გასულან.
დღეს მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.