30 აპრილს „ასტრაზენეკას“ 46 ათასი დოზა შემოვა ქვეყანაში იმისთვის, რომ მეორე დოზით ვაქცინაცია მაისის შუა რიცხვებში დაიწყოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა.
რაც შეეხება „სინოფარმით“ ვაქცინაციას, გაბუნიას თქმით, ვაქცინაცია ქვეყანაში 4 მაისს დაიწყება.
„ამ დროისთვის 32 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა. გუშინ ძალიან აქტიური იყო პედაგოგების ვაქცინაციის კამპანიის დასაწყისი. 55 წელს ზემოთ ყველა ადამიანს შეუძლია, რომ დარეგისტრირდეს ვაქცინაციის პროგრამაში, ახლა ძირითადად „ასტრაზენეკათი“ მიმდინარეობს ვაქცინაცია, ამასთან ერთად გრძელდება „ფაიზერით“ ვაქცინაცია ორგანოგადანერგილი პირებისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე. ადგილები და ვაქცინების დოზები საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანები, 55 წლის ზემოთ დარეგისტრირდნენ პროგრამაში.
მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია „იუნისეფიდან“, 30 აპრილს „ასტრაზენეკას“46 ათასი დოზა ჩამოვა ქვეყანაში იმისთვის, რომ მეორე დოზებით ვაქცინაცია დაიწყოს მაისის შუა რიცხვებში და ასევე, გაგრძელდეს აცრები იმ პირებისთვის, ვისაც ასაკით ეკუთვნით „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი. ასევე, „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია გაიხსნება 27 აპრილიდან. ამ კვირაში დასრულდება კონსულტაციები „სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ 4 მაისიდან აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაცია „სინოფარმით“ და „ასტრაზენეკათი“, - განაცხადა გაბუნიამ.