The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ თამბაქოს კომპანიებს შესაძლოა, ყველანაირ სიგარეტში ნიკოტინის შემცველობის შემცირება მოთხოვოს. აშშ-ში გაყიდული სიგარეტები ნიკოტინის ისეთ დონეს უნდა შეიცავდეს, რომ მომხმარებელი მასზე დამოკიდებული არ გახადოს. გაზეთის ცნობით, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში ამ საკითხს თამბაქოს კიდევ ერთ საკითხთან ერთად განიხილავენ, რომელიც მენთოლიანი სიგარეტების აკრძალვას ეხება. ახლოვდება ვადა, როცა თეთრმა სახლმა მენთოლიანი სიგარეტების შესახებ თავისი გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. საქმე ისაა, რომ 29 აპრილს აშშ-ს სურსათისა და წამლის ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის ადმინისტრაციამ (Food and Drug Administration - FDA) უნდა უპასუხოს მოქალაქეების პეტიციას მენთოლიანი სიგარეტის აკრძალვის შესახებ. ბაიდენის ადმინისტრაციაში აანალიზებენ, მენთოლიანი სიგარეტები აკრძალონ, თუ ყველა სიგარეტში ნიკოტინის შემცველობა შეამცირონ. არც იმას გამორიცხავენ, რომ ორივე გადაწყვეტილება მიიღონ.
თეთრი სახლის მიზანია, შემცირებულმა ნიკოტინმა სიგარეტზე ადამიანი დამოკიდებული ნაკლებად ან საერთოდ არ გახადოს და მწეველები ალტერნატიულ საშუალებებზე, ნიკოტინიან საღეჭ რეზიანზე, ყინულის აბებზე ან ელექტრონულ სიგარეტზე გადავიდნენ. მენთოლიანი სიგარეტების აკრძალვა კი ახალგაზრდებში დამწყები მწეველების რაოდენობას შეამცირებს, რადგან ამ ასაკში უმრავლესობა მოწევას მენთოლიანი სიგარეტით იწყებს.
ორივე ზომის მიღებას ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ცდილობდნენ. 2017 წელს FDA-ს მაშინდელმა კომისარმა სკოტ გოტლიბმა პრეზიდენტ ტრამპს თამბაქოს პოლიტიკის მასშტაბური პროგრამა შესთავაზა, მაგრამ 2019 წელს მან FDA დატოვა და ორივე გეგმა გადაიდო.
FDA-ს მონაცემებით, აშშ-ში ყოველწლიურად 480 ათასი მწეველი იღუპება. ამერიკელი ზედამხედველები აცხადებენ, რომ მართალია, თავად ნიკოტინი კიბოს, გულის ან ფილტვის დაავადებას არ იწვევს, მაგრამ ის ადამიანებს სიგარეტზე დამოკიდებულს ხდის, რაც სიკვდილის მიზეზი ხება. FDA სიგარეტში ნიკოტინის დონის შემცირების საკითხს 1990-იანი წლებიდან განიხილავს და ამის განხორციელების გზებიც აქვს მოფიქრებული: ეს შესაძლებელია თამბაქოს მცენარის გენეტიკური მოდიფიცირებით ან წარმოების პროცესში თამბაქოს ფოთლებისგან ნიკოტონის მოშორებით. FDA-ს თამბაქოს პოლტიკაში სანქციების გატარების უფლებამოსილება 2009 წელს მიღებულმა კანონმა მიანიჭა, რომელიც თამბაქოს პროდუქციის ბრუნვაზე კონტროლს ითვალისწინებს.
2013 წელს FDA-ს მარეგულირებლებმა დაადგინეს, რომ ჯანმრთელობისთვის მენთოლიანი სიგარეტები, ჩვეულებრივთან შედარებით, უფრო რისკისშემცველია, რადგან მისგან გადაჩვევა გაცილებით რთულია.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ახალი ზელანდია გამოვიდა ინიციატივით, სიგარეტებში ნიკოტინის დონის მკვეთრად შემცირებისა და მოწევის უფლების მქონე პირთა ასაკობრივი ზღვარის გაზრდის შესახებ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ