ევროკომისიის განცხადებით, ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებული კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ფარმაცევტულ კომპანია „ასტრაზენეკას“ სასამართლოში უჩივიან.
„კომისიამ გასულ პარასკევს „ასტრაზენეკას“ წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედება დაიწყო”, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ამ ნაბიჯს მხარი ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ დაუჭირა.
„კონტრაქტის ზოგიერთი პირობა არ არის დაცული და კომპანიამ ვერ შეძლო დოზების დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად სანდო სტრატეგიის წარმოდგენა,“- აღნიშნა პრესსპიკერმა.
„ასტრაზენეკამ“ კი განაცხადა, რომ კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
„ასტრაზენეკამ“ სრულად შეასრულა წინასწარი შესყიდვის შეთანხმება ევროკომისიასთან და მტკიცედ დაიცავს თავს სასამართლოში,“ - აცხადებენ კომპანიაში. მათი განმარტებით, აპრილის ბოლომდე კომპანია ევროპის ქვეყნებს ვაქცინის 50 მილიონ დოზას მიაწვდის.