ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის ინფორმირებისთვის ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით პროცესში ახალგაზრდების ჩართვას გეგმავს. ამის შესახებ ტიკარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინაციის ოფიცრები მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდიან ვაქცინაციის შედეგების, რისკების და ასევე იმ კეთილდღეობის შესახებ, რაც ვაქცინაციის პროცესით ქვეყანამ ეკონომიკურ ჭრილში შეიძლება მიიღოს.
„ქვეყანაში უკვე მოქმედებს 130-ზე მეტი ვაქცინაციის პუნქტი. ამ პუნქტებში პროფესიონალურად და უმაღლესი ზომების დაცვით მოხდება ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაცია. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე - სულ მალე ჩვენი ახალგაზრდები ჩაერთვებიან ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით ვაქცინაციის მხარდაჭერის პროცესში. ისინი ამ პროცესში მოახდენენ მოსახლეობის სრულ ინფორმირებას ვაქცინაციის შედეგების, რისკების და ასევე იმ კეთილდღეობის შესახებ, რაც ვაქცინაციის პროცესით ქვეყანამ ეკონომიკურ ჭრილში შეიძლება მიიღოს და როგორ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ამასთანავე, ის პრობლემატიკა, რაც რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარმოიქმნა, ვინაიდან ეს არის ელექტრონული პორტალი და სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობას ჯერ არ აქვს ხელმისაწვდომობა ელექტრონულ პორტალზე, ეს ახალგაზრდები დაეხმარებიან მათ დარეგისტრირებაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.