კომპანია Samsung Electronics-ის გარდაცვლილი მმართველის, ლი კუნ ხის ოჯახი მზადაა, გადაიხადოს 12 ტრილიონ ვონზე მეტი (10,8 მლრდ დოლარის) ოდენობის სამემკვიდრო გადასახადი, რომლითაც მათი მამულია დაბეგრილი. ინფორმაციას სააგენტო Reuters ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ოჯახი მამულში არსებულ ხელოვნების ნიმუშთა მდიდარ კოლექციას სახელმწიფო კურატორებს გადასცემს. ლის ოჯახი სამემკვიდრო გადასახადის გადახდას 5 წლის განმავლობაში 6 ნაწილად აპირებს და პირველ საბიუჯეტო შენატანს ამავე თვეში განახორციელებს.
„ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია და პასუხისმგებლობა, რომ ყველანაირი გადასახადი გადავიხადოთ,“ - ნათქვამია Samsung-ის მიერ გავრცელებულ ოჯახის განცხადებაში.
სამხრეთ კორეას მსოფლიოში ყველაზე დიდი სამემკვიდრო გადასახადი აქვს დაწესებული. ამ შემთხვევაში ის ყურადღების ცენტრში იმიტომ მოექცა, რომ სამემკვიდრო გადასახადის გადახდამ შესაძლოა, Samsung Electronics-ში ლი კუნ ხის ოჯახის საკონტროლო პაკეტი შეამციროს.
განცხადების გავრცელებისთანავე, Samsung-ის კონგლომერატის დე ფაქტო ჰოლდინგური კომპანია Samsung C&T-ის აქციები 5,5%-ით დაეცა. მითუმეტეს, განცხადებაში ნახსენები არაა დეტალები, თუ როგორ გადანაწილდება ან გაიყიდება ლის აქციები და როგორ აპირებს ოჯახი გადასახადის ფინანსირებას. HI Investment & Securities-ის ანალიტიკოსი ლი სან ხუნი აცხადებს, რომ ინვესტორები იმედგაცრუებული დარჩნენ, რადგან განცხადებაში წილების გაყოფის დეტალები არ გახმიანებულა. მათ მოუწევთ, დაელოდონ ნორმატიული დოკუმენტების გამოქვეყნებას, რომელიც Samsung Electronics-ის ვიცე-მმართველის, ლის ვაჟიშვილ ჯეი უმცროს ლისა და ოჯახის სხვა წევრების სააქციო კაპიტალის ცვლილებებს განსაზღვრავს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სამემკვიდრო გადასახადისთვის ოჯახი გამოიყენებს სესხებს და დივიდენდებს როგორც ლის, ისე საკუთარი აქციებიდან.
Samsung Electronics-ის ღირებულებიდან ლის წილი 4,18%-ია, ის, ასევე, პრივილეგირებული აქციების 0,8%-ს ფლობს. Samsung Life Insurance-ში მისი წილი აქციების 20,76%-ია, Samsung C&T-ში - აქციების 2,88%, Samsung SDS კი - 0,01%. რაც შეეხება ჯეი უმცროს ლის, ის Samsung C&T-ის ყველაზე მსხვილი აქციონერია და აქციათა 17,33%-ს ფლობს. ამჟამად ის 30-თვიან საპატიმრო ვადას მექრთამეობისა და სხვა დანაშაულებისთვის იხდის. გუშინ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ბიზნესის ლობისტთა ჯგუფის თხოვნა, ლის მემკვიდრის შეწყალების შესახებ, არ დააკმაყოფილა.
Samsung Electronics -ის მმართველი ლი კუნ ხი გასული წლის 25 ოქტომბერს გარდაიცვალა. მან კომპანია სმარტფონებისა და მეხსიერების ჩიპების მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებლად გადააქცია. მისი მამული, ადგილობრივი მედიის შეფასებით, 26 ტრილიონი ვონის ღირებულებისაა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ