ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რა პრობლემებს შექმნის ეპიდემიის პირობებში სახმელეთო საზღვრების გახსნა როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე ქვეყნისთვის.
როგორც ტიკარძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ქვეყანას ამ მიმართულებით რამდენიმე გამოწვევა აქვს.
„პირველ რიგში, ეს გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ მნიშვნელოვანია, თუ რა ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რომ არ მოხდეს საცობების შექმნა სასაზღვრე ზოლში. ვინაიდან, თუ მოქალაქეს დაუფიქსირდება კოვიდი, აქ ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო პასუხი, რა იქნება ჩვენი გადაწყვეტა - სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, თუ ვაბრუნებთ ქვეყნიდან. თუ ეს პირი არ არის იმ ქვეყნის რეზიდენტი, რომლის საზღვრიდანაც ის საქართველოში შემოდის, მაშინ ამ პასუხისმგებლობების გადანაწილება, რა თქმა უნდა, რთულდება. ასევე მნიშვნელოვანია სადაზღვევო კანონის ცვლილებები და საჭიროებები. ჩვენ ალბათ, ცალსახად უნდა მოვითხოვოთ, რომ არსებობდეს სავალდებულო დაზღვევა, სადაც სახელმწიფო გარანტირებული იქნება, რომ ყველა ის სამედიცინო საჭიროება, რომელიც კოვიდის შემთხვევაში დადგება ტურისტთან მიმართებაში, ანაზღაურდება. ვინაიდან დღეს ჩვენ გვაქვს რიგი შემთხვევები, როდესაც ტურისტს არ აქვს სამედიცინო დაზღვევა და აქედან გამომდინარე ის უარს აცხადებს გადახდაზე. როგორც იცით, სახელმწიფოს ძირითადი პარტნიორი კერძო სექტორია და ჩვენ გარკვეული ვალდებულება გვიჩნდება, რომ კერძო სექტორს დანახარჯი ავუნაზღაუროთ, ეს კი არის ტვირთი სახელმწიფო ბიუჯეტზე და დანაკარგი ჩვენი მოქალაქეებისთვის.
ასევე მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციის მუშაობა კერძო სექტორთან და სასტუმროების, რესტორენების ხარისხობრივ კომპონენტში განვითარება. რაც გულისხმობს ვენტილაციის სისტემების და ასევე მოცულობითი შესაძლებლობების ზუსტ დადგენას, დადგენის შემდეგ ამ ყველაფრის სწორ აღსრულებას, რათა არ იყოს გარკვეული გადაცდომები. ტურისტს რომელსაც შევთავაზებთ უსაფრთხო გარემოს, ამაზე პასუხისმგებლები ვართ. ეს გარემო ნამდვილად უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხო გარემოს [სტანდარტს]“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ახალი აპლიკაციის შესახებაც ისაუბრა, რომლის QR კოდის მეშვეობით შესაძლებელი იქნება დადგენა, რა სტატუსი აქვს ტურისტს - გაკეთებული აქვს 72 საათში ტესტი, მოხდილი აქვს კორონავირუსი, თუ გაკეთებული აქვს ვაქცინის ორმაგი დოზა.
„კარგი ამბავი, რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ აპლიკაციაზე, რომელიც გულისხმობს QR კოდში თითოეული პერსონის აღრიცხვას და ამ QR კოდის საშუალებით ჩვენ და კერძო სექტორს გვექნება საშუალება თავისთან მიიღოს ის ადამიანი, ვინც 72 საათის მანძილზე არის გატესტილი, არის კოვიდთავისუფალი, ან არის ორმაგად ვაქცინირებული, ან მას გადატანილი უნდა ჰქონდეს წინა პერიოდში ვირუსი. ეს იქნება კარგი ინსტრუმენტი კერძო სექტორისთვის, რათა მათ ოპერირება შეძლონ. თუმცა, ხარისხობრივი გაუმჯობესება კერძო სექტორისგან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ტიკარაძემ.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლების მიცემას ვაქცინაციის სანაცვლოდ, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ამისთვისაც მზად არის.
„თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა, გარკვეულ მარკეტინგულ მიდგომები არ იყოს სამართლიანი, ვინაიდან, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვაქცინაცია არის ადამიანის თავისუფალი არჩევანი და არ შეიძლება ის დავაყენოთ ვითარებაში, როდესაც იძულებულია გარკვეული გადაწყვეტილება მიიღოს. ალბათ, ესეც იქნება ფართო საზოგადოებაში განსახილველი [საკითხი]“, - განაცხადა ტიკარაძემ.