რუსეთმა შესაძლოა, წიწიბურას ექსპორტი დროებით შეზღუდოს. აღნიშნული საკითხი ხელისუფლებამ საბაჟო ტარიფების რეგულირების სხდომაზე უკვე განიხილა. როგორც „ვედომოსტი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, ექსპორტის შეზღუდვაზე წინადადება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დააყენა.
მედიის ინფორმაციით, ამ სეზონზე წიწიბურას ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2020 წლის სექტემბრიდან (სეზონის დაწყებიდან) დღემდე რუსეთიდან უცხოეთში 220 000 ტონა წიწიბურა (მთლიანი მოსავლის მეოთხედი) გაიყიდა, ეს კი წინა მთლიან სეზონზე ექსპორტირებულ პროდუქციაზე ბევრად მეტია. მედიის ინფორმაციით, რუსულ წიწიბურაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია ჩინეთში, იაპონიასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. სწორედ მოთხოვნის ზრდისა და ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გაძვირების გამო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო წიწიბურას ექსპორტის დროებით შეზღუდვას განიხილავს.
მედიის კითხვაზე, თუ კონკრეტულად რა ტიპის შეზღუდვა იქნება, სოფლის მეურნეობის სამინისტროში უპასუხეს, რომ საკითხი ამ დროისთვის მუშავდება. ერთი-ერთი ვერსიით, აკრძალვა ძალაში 2021 წლის 31 აგვისტომდე იქნება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის წიწიბურას ყიდულობს საქართველო რუსეთისგან. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, პროდუქტის თითქმის, 100% (99,9%) რუსეთიდან შემოდის.
კერძოდ, მიმდინარე წლის 3 თვეში, საქართველომ სულ 830,5 ტონა (701.7 ათასი აშშ დოლარი) წიწიბურა შეიძინა, საიდანაც 99,9%, ანუ 830.3 ტონა (701,4 ათასი აშშ დოლარი) სწორედ რუსეთისგან.
პროდუქტის დანარჩენი რაოდენობის იმპორტი კი პოლონეთიდან (0,1 ტონა) და ბელარუსიდან (0,1 ტონა) განხორციელდა.
ამასთან, აღსანიშნავია, წელს გასულ წელთან შედარებით, რუსეთმა პროდუქტი გააძვირა. თუ 2020 წლის მაჩვენებელს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოს რუსეთისგან უფრო მეტი, ანუ 856.1 ტონა წიწიბურა, გაცილებით იაფად, 549.2 ათასი აშშ დოლარად აქვს შეძენილი.
ცნობისთვის, 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ჯამში 878.2 ტონა (569.6 ათასი აშშ დოლარი) წიწიბურა შეიძინა, სადაც ძირითადი წილი ისევ რუსეთზე მოდიოდა. მხოლოდ მცირე რაოდენობის პროდუქტის იმპორტი განხორციელდა უკრაინიდან (22 ტონა) და პოლონეთიდან (0,1 ტონა).