,,ეს არის მტკივნეული მსესხებელთა გარკვეული ჯგუფისათვის და ეკონომიკური ზრდისთვის, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ, რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანსუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ეკონომიკის დოქტორმა, ლევან ქისტაურმა განაცხადა.
ეკონომისტი ამბობს, რომ ეროვნული ბანკისადმი კანონის მოთხოვნა არის ინფლაციის მაჩვენებლის კონტროლი და გამართლებულია ნაბიჯები, რომელიც ამას ემსახურება.
,,ჩემი აზრით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა აუცილებელი იყო. სებ-ის გადაწყვეტილება დაგვიანებულიც კი იყო. გამომდინარე იქედან, რომ ინფლაცია დღეს უკვე მნიშვნელოვნად აჭარბებს თარგეთს. ეს არის მტკივნეული მსესხებელთა გარკვეული ჯგუფისათვის და ეკონომიკური ზრდისთვის, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება. სებ-ის მთავარი მიზანი არის ინფლაციის მართვა, რომელიც დღეს გაქცეულია.
დიდი ხნის განმავლობაში ეროვნული ბანკი ამტკიცებდა, რომ კურსის გაუფასურების ეფექტი არ აისახებოდა ფასებზე, თუმცა გასული წლის ზაფხულიდან მოუწია აღიარება, რომ ეს ასე არ არის. მაღალი დოლარიზაციის და სასაქონლო ბაზრის იმპორტ დამოკიდებულების პირობებში სხვანაირად ვერც იქნება. წარსულს თავი რომ დავანებოთ, ლარის კურსი აისახება ფასებზე. ვთვლი, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა წლიურ ჭრილში ვერ მოხერხდება. სებ-იც ამბობს, რომ 2022 წლის დასაწყისშიც კი ინფლაცია არ იქნება მიზნობრივ მაჩვენებელთან.
ცენტრალურ ბანკს, არავინ სთხოვს სასწაულს. მისი მიზანი ინფლაციის მაჩვენებლის კონტროლია და ეს უნდა მოხდეს. ეს უწერია ეროვნულ ბანკს კანონში“, - განაცხადა ქისტაურმა ,,საქმეში“.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 9,5%-მდე გაზარდა.